პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ლ.-მ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს -1987 წელს დაბადებულ ვ.რ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ამავე ინციდენტის დროს, შ.ლ.-ს თანმხლებმა - ვ.შ.-მ ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ვ.რ.-ს თანმხლებ ირანის მოქალაქეს.
სამართალდამცველებმა შ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






