23 კმ სიგრძის, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია, ასევე, საცალფეხო გადასასვლელები, საფეხმავლო ბილიკები, ქვეითთა/პირუტყვთა გადასასვლელები და სხვ. - სწორედ ამ ელემენტებს მოიცავს უნიკალური, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი, რომლის განხორციელებასაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს.
პროექტის საერთო ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. სამშენებლო პროცესის მონიტორინგს კი ახორციელებს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია UBM INTERNATIONAL UNITED CONSULTANTS INC.
შემსრულებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია, უახლოეს მომავალში კი მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დაიწყოს. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, მშენებლობისას გამოყენებული იქნება უნიკალური, მაღალტექნოლოგიური მეთოდები. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის მქონე გვირაბის მშენებლობისთვის გამოიყენება. ქარსელაძე განმარტავს, რომ ამ გვირაბის გასაყვანად ჩინეთიდან საქართველოში სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი მანქანა, ე.წ. თიბიემი ჩამოვა.
„კარგია ის, რომ მიუხედავად ეპიდვითარებისა, ე.წ. თიბიემი დროზე ადრე ჩამოვა. შესაბამისად, პროექტს დროულად განვახორციელებთ. ყველაზე ხანგრძლივი სწორედ ამ 9 კმ-იანი სიგრძისა და 15 მეტრიანი დიამეტრის მქონე გვირაბის მშენებლობაა. ეს არის ყველაზე თანამედროვე, დახვეწილი და მინიმალური ზეგავლენის მქონე მეთოდი. ეს არის აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკა და, შესაბამისად მეთოდი, დახვეწილია. არსებობს ამ მეთოდის გამოყენების მრავალი წარმატებული მაგალითი,“ - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.
მისივე განმარტებით, უშუალოდ სამუშაოების დაწყებიდან 3 წლის შემდეგ დასრულდება მისასვლელი გზის მშენებლობა. რაც შეეხება უნიკალურ გვირაბს, რომელიც ქვეშეთი-კობის გზის პროექტის განუყოფელი ნაწილია, სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 4 წლის თავზე იქნება მზად. საბოლოოდ, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი სამუშაოების დაწყებიდან სრულად 4 წელიწადში ჩაბარდება.
მასალის გამოყენების პირობები