ორიოდე სიტყვა ბლოგის შესახებ: მართალია, ბლოგი განსხვავებული მიმართულებაა და გაცილებით მეტ თავისუფლებას იძლევა მოქმედებისას, ვიდრე სხვა ჟურნალისტური პროდუქტი, მაგრამ ისევე როგორც ყველა სხვა ჟურნალისტური პროდუქტი, ისიც ითხოვს ფაქტების სიზუსტეს.
„ითხოვს“ - პირობითად ნათქვამია... სინამდვილეში ყველაფერი მწერალი ჟურნალისტის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ანუ კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკა ითხოვს ფაქტების სიზუსტეს.
ორიოდე სიტყვა ბლოგერის შესახებ: პატივი უნდა სცეს ფაქტების არსებობას, მიუხედავად იმისა, მის დამკვეთს მოსწონს თუ არა ეს ფაქტები...
ორიოდე სიტყვა ფაქტებზე: სექტემბრის თვეში, პორტალ „მედიაკრიტიკა. გე-ზე“, რომელსაც სხვათა შორის, როგორც ავტორი მოიხსენიებს „ოპოზიციური მედია“ და არა მხოლოდ მედია, ისე იცნობს, რომ როგორც „კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის“ პატრონაჟის ქვეშ შექმნილ გამოცემას, გამოქვეყნდა ასე ვთქვათ ბლოგი, სახელწოდებით „რას უწუნებს ბრაიზა ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შეტანილ ცვლილებებს“.
დავიწყოთ იმით, რომ ბრაიზა კი არა, მთელი მსოფლიოს დიპლომატები უწუნებენ, უწუნებენ კი არადა, „კომუნიკაციების კომისიას“ პირდაპირ კერძო ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მყისიერი ზომები მიიღოს ამ ანტიკონსტიტუციური ცვლილელების შესაჩერებლად...
მაგრამ კარგი, იყოს მხოლოდ ბრაიზა ჯერჯერობით... თუმცა რატომ იყოს? იმიტომ, რომ ასე სურს „კომუნიკაციების კომისიას? მოდით, არ იყოს ასე, რადგან რაც კომუნიკაციების კომისიას სურდა, ის უკვე დაიწერა ასე ვთქვათ „ბლოგში“. აქ კი იყოს ისე, როგორს სინამდვილეშია...
ე. წ „ბლოგის“ მიხედვით: პირველსავე აბზაცში ვკითხულობთ ტყუილს, რომლის გადამოწმებაც google -ზე თითის ერთი დაწკაპუნებით შეიძლებოდა:
„ აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზიციამ და ზოგმა ოპოზიციურმა მედიასაშუალებამ ჯერ კიდევ კანონის განხილვისას გამოთქვეს ეჭვი, რომ კანონპროექტი ერთი კონკრეტული კომპანიის − „კავკასუს ონლაინის“ საქმეზე იყო მორგებული, რომელთანაც კომუნიკაციების კომისიას შარშანდელი ოქტომბრიდან მოყოლებული დავა აქვს.“ - წერს ბლოგის ავტორი.
მინიმუმ უხერხულია, დარგობრივი ეკონომის თავმჯდომარე რომან კაკულია და უმსხვილესი ოპერატორის „მაგთიკომის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გია ჯოხთაბერიძე გეგონოს ოპოზიციური მედია...
ფაქტები რომ არ მოგვწონს, ფაქტია, მაგრამ ფაქტი, ფაქტია!
2020 წლის 17 ივლისს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ აღმოჩნდა საკმარისი კომპანიის ქმედებების აღსაკვეთად, ამიტომაც შევიდა კანონში ცვლილებები.
„მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არსებობდა კომპანია, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე განახორციელა ქმედება და არსებული კანონით გათვალისწინებული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ქმედების აღკვეთისთვის. არსებობდა უფრო მკაცრი ზომა, რომელსაც ჰქვია ლიცენზიის შეჩერება, მაგრამ მას მოჰყვება ცუდი შედეგები მოსახლეობისთვის. ამიტომ მარეგულირებელმა გადაწყვიტა შემოეტანა შედარებით რბილი ზომა, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა”, – განაცხადა რომან კაკულიამ.
გია ჯოხთაბერიძე: 1 წელი და 4 თვეა „კავკასუს ონლაინში” წილები შეიცვალა, კომპანია განაგრძობს ჩვეულებრივ ფუნქციონირებას და დაიმატა კიდევ საქართველოში აბონენტები, კორონავიურსსაც გაუძლო და არაფერი არ მომხდარა დამანგრეველი საქართველოსათვის. არის თუ არა „კავკასუს ონლაინი“ კრიტიკული ინფრასტრუქტურა? რამდენი დამოუკიდებელი კაბელი შემოდის საქართველოში და საერთოდ, ეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა ეხება თუ არა „კავკასუს ონლაინს“ ?!
და უხერხულზე მეტია, „ოპოზიციური მედია“ გეგონოს ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, რომელმაც ასევე პირდაპირ განაცხადა...
ირაკლი რუხაძე: რაც მეტს გვიყვებით, მით უფრო მეტი კითხვა გვიჩნდება. მე ვარ „მაგთის“ მოწილე, მე და გიას (ჯოხთაბერიძეს) ურთიერთობა გვაქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ძალიან დიდი ხელშეკრულება გვაქვს, რაც არეგულირებს ჩვენს ურთიერთობას, იმას, თუ როგორ ვარ მე მინორიტარი და ის მაჟორიტარი ფლობელი „მაგთიკომში“ საქართველოში. აი გიამ დაარღვია კანონი, ზიანი მიაყენა საქართველოს საზოგადოებივ უსაფრთხოებას. არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ შენ ჩათვალე, რომ მიაყენა. გიამ გაყიდა ეს წილი და ვერ ვარევერსებთ. ახლა რას აკეთებთ? გიას 54%-იან წილს ყიდით საქართველოში? მე არ გაგაჩერებთ არასდროს, ყველგან გიჩივლებთ.
„ოპოზიციური მედიის“ ნაწილს (რომელიც, სხვათა შორის, რაც მეტია ქვეყანაში, მით მაღალია ქვეყნის დემოკრატიულობის მაჩვენებელი) აღარ გავაგრძელებთ...
ორიოდე სიტყვა ბრაიზაზე ანუ იგივე მეთიუ ბრაიზაზე: ე.წ ბლოგში ვკითხულობთ: რაც შეეხება ოპოზიციური მედიასაშუალებების მიერ „მოწმედ“ მოშველიებულ უცხოელებს, (უცხოელებში იგულისხმება მეთიუ ბრაიზა, აშშ-ის ევროპაში განთავსებული ჯარების ყოფილი სარდლალი ბენ ჰოჯესი და უკრაინაში აშშ-ის ყოფილი საგანგებო წარმომადგენელი, ცნობილი ამერიკელი დიპლომატი კურტ ვოლკერი),
მართალია სამივე მათგანი ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა, მაგრამ ამჟამად კომერციულ სექტორში საქმიანობს და აღარ წარმოადგენს ვაშინგტონის ადმინისტრაციის ოფიციალურ პოზიციას.
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმის ცოდნაც, რომ მეთიუ ბრაიზა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან დაახლოებული პირი, დღეს სწორედ იმ აზერბაიჯანული ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, რომელმაც ფარული გარიგებით, 61 მილიონ დოლარად შეიძინა „კავკასუს ონლაინის“ აქციების 49 პროცენტი.
საერთაშორისო დონის დიპლომატებზე წერას სხვა უნარ-ჩვევები სჭირდება, ამიტომ ისევ ფაქტებს მოვიშველიებთ...
დავუშვათ, მეთიუ ბრაზია „ნაცია“, კურტ ვოლკერი - ირმა ინაშვილის პარტიის ლიდერი და გენერალი ჰოჯესი რუსეთის აგენტი...
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ვენდი მორტონს რა ვუყოთ, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ საელჩო აქტიურად ადევნებს თვალს „კავკასუს ონლაინის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს?
ყოფილ ევროკომისარ ფრანტინს რა პასუხი გავცეთ, რომელიც ასე პირდაპირ წერს: „კანონის უზენაესობა ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედია, მაგრამ საქართველოში უცხოელ ინვესტორებს ეს უფლება ეზღუდებათ“, – წერს ყოფილი ევროკომისარი ფრანკო ფრატინი, გამოცემა the parliament magazine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო: უარი კანონის უზენაესობაზე“.
ჩამონათვალი იმდენად დიდია, აღარ გავაგრძელებთ
უბრალოდ, ორიოდე სიტყვა დასკვნის სახით: ბლოგერობა ძალიან საპატიო მიმდინარეობაა...
მასალის გამოყენების პირობები