საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 22-27 სექტემბერს, „ექსპო ჯორჯიაში" თბილისის XXII წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.
პოსტპანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდი გახანგრძლივდა და საგამოფენო სივრცე ტრადიციული 4 დღის ნაცვლად 6 დღის განმავლობაში უმასპინძლებს მსურველებს. აღნიშნული ცვლილება აუცილებელია ფესტივალზე მაქსიმალურად ბევრი მკითხველის მისაღებად, ვინაიდან „ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში ერთდროულად დასაშვები ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იქნება. სტუმრობის მსურველთათვის კი წინასწარი რეგისტრაციის სისტემა იარსებებს.
ფესტივალი მომხმარებელს წიგნების შეძენის ტრადიციული ფორმის გარდა, ახალ შესაძლებლობებსაც სთავაზობს: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, წიგნების უშუალოდ გამომცემლობების სტენდებზე შეძენა; ექსპო ჯორჯიას ეზოში, მე-11 პავილიონის მიმდებარე ტერიტორიაზე (პავილიონში შესვლის გარეშე), წინასწარ შერჩეული წიგნების გამომცემლობების ოპერატორებთან შეძენა; წიგნების შეძენა ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს წიგნის გამომცემლეთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე - www.gpba.ge
ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად 40-ზე მეტი გამომცემლობა დარეგისტრირდა. თითოეული მონაწილე ტრადიციულად სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს.
ფესტივალის ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამისთვის მთავარი სცენა „ექსპო ჯორჯიას" ეზოში, ღია ცის ქვეშ განთავსდება და ექვსივე საფესტივალო დღის განმავლობაში სრულად იქნება დატვირთული. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ახალი წიგნების პრეზენტაციებსა და ქართველ მწერლებთან შეხვედრებს; უცხოელი ავტორების ვიდეოჩართვებს; საბავშვო პროგრამას; საგამომცემლო-პროფესიულ პროგრამას და სხვა. ფესტივალზე დასწრების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.
ფესტივალის ორგანიზატორებმა უკვე მიიღეს ყველა აუცილებელი ინსტრუქცია ჯანდაცვის სამინისტროსგან.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მეგობარია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მწერალთა სახლი.
მასალის გამოყენების პირობები