კლინიკა “თბილისი სითი მედიქალში“ პოლიციაა მობილიზებული. 77 წლის პაციენტი ქალის მტკიცებით, მასზე ექიმმა და ექთნებმა იძალადეს.
პაციენტის ოჯახი ირწმუნება, რომ ქალს სხეულზე დაზიანების კვალი აქვს და კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვენ.
ამ წუთებში სამართალდამცველებს გამოკითხვაზე პაციენტის შვილი ჰყავთ გადაყვანილი.
"მამაჩემმა რომ ნახა, დედაჩემმა უთხრა, გუშინ ღამით მორიგე ექიმმა მცემაო. თავიდან ვერავინ დავიჯერეთ, როგორ შეიძლება 77 წლის მძიმე, რეანიმაციული პაციენტის ცემა. ახლა რომ ვნახე, ორივე ხელი "სინიაკებში" აქვს, პერანგზე არცერთი ღილი აღარ აქვს და ტელეფონი გატეხილი აქვს, როგორც ჩანს გამოურთეს და დაუმტვრიეს, რომ არ დაერეკა. თურმე ორი ადამიანი აკავებდა, ერთი სცემდა და კიდევ ეუბნებოდა, თავში ჩაარტყიო" - აცხადებს პაციენტის შვილი.
ბრალდებებს უკვე უპასუხა კლინიკის დირექტორმა.
"ოჯახის წევრებს აქვთ პრეტენზია, რომ მას ვერ მივხედეთ. საუბარია, რომ პაციენტი ცემეს. პირდაპირ ვამბობ, ეს თუ ასე მოხდა, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ. მზად ვართ ინფორმაცია მივაწოდოთ ყველას,"- განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
მასალის გამოყენების პირობები