25-26 აგვისტოს საქართველოში ეტაპობრივად, ორი ავიარეისით, 162 ჩინელი სპეციალისტი ჩამოფრინდება. ისინი ქვეშეთი-კობის ახალი გზის სამშენებლო სამუშაოებში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვებიან, რაც თითოეული მათგანი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. აღნიშნული საკითხი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, ჩინური კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
ჩინელ სპეციალისტების საქართველოს საზღვარზე PCR ტესტით შემოწმებას და საკარანტინო ზონაში გადაყვანას, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების დაცვით, კონტრაქტორი კომპანიები თავად უზრუნველყოფენ და ხარჯებსაც თავად დაფარავენ. 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, პერსონალი განმეორებით გაივლის ტესტირებას და, ექიმის დასკვნის საფუძველზე, ჩაერთვება ქვეშეთ-კობის ახალი გზის სამშენებლო სამუშაოებში.
კონტრაქტორმა ჩინურმა კომპანიებმა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელშეწყობით, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთოხებისთვის საჭირო დაცვითი სამოქმედო გეგმა წინასწარ განსაზღვრეს.
მიუხედავად გლობალური პანდემიისა, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარე სამუშაოები არ შეჩერებულა. ქვეშეთი-კობის გზის პროექტი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ამიტომ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობს, დროულად დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები, რაშიც უცხოელი სპეციალისტების ჩართვა აუცილებელია. გზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები სპეციალისტების სავალდებულო კარანტინის ვადის გასვლისთანავე დაიწყება და COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით წარიმართება.
ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის შესახებ:
ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 23 კმ სიგრძის, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. ასევე, მოეწყობა საცალფეხო გადასასვლელები, საფეხმავლო ბილიკები და ქვეითთა/პირუტყვთა გადასასვლელები. პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს რეგიონში არსებული სიტუაცია და შესაძლებელი გახადოს უწყვეტად და უსაფრთხოდ გადაადგილება წელიწადის ნებისმიერ დროს. ახალი გზით შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება, გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და განვითარდება სხვადასხვა მიმართულების ტურიზმი.
პროექტის საერთო ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. სამშენებლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია UBM INTERNATIONALUNITED CONSULTANTS INC.
მასალის გამოყენების პირობები