მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თევზაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ გამოძიებას არ ენდობა.
"მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. წინა კვირასაც გამოცდა ჩააბარა ინგლისურის სერტიფიკატის მოსაპოვებლად და დეასთან ერთად ეძებდა მეორე სამსახურს. რატომ მოიკლავდა თავს.
არავინ მაყენებს საქმის კურსში. ძებნის დროსაც ვიხვეწებოდი, რამე ხელჩასაჭიდი თუ გაქვთ, გამაგებინეთ მეც, იქნებ რაღაცაში გამოგადგეთ. არაფერს აღარ გამოვრიცხავ უკვე. შეიძლება უშუალოდ სამსახურში არა, მაგრამ ეს ბავშვი იმდენად ნიჭიერი იყო, შეიძლება რაღაცაში შეაღწია და ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა ცოდნოდა. უკვე აღარ ვენდობი გამოძიებას. იმ თავიდანაც ვეხვეწებოდი, თამუნას კომპიუტერი წაიღეთ დროზე და გახსენით დროზე-მეთქი. არ მიჰქონდათ, არავინ მოსულა მიხეილ რამიშვილის გარდა. სხვა არავინ მოსულა, არც დაინტერესებულა", - განაცხადა თეონა თევზაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






