ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სპეციალური რეჟიმით შემოსვლის შესახებ. აღნიშნული პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მოამზადა და გათვლილია იმ უცხოელებზე, რომლებიც არიან ფრილანსერები (თვითდასაქმებულები); მუშაობენ დისტანციურად ან შეუძლიათ, საკუთარი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ.
„ჩვენ ამ მიზნობრივ აუდიტორიას ვიწვევთ საქართველოში და სპეციალური პირობებით ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას ვთავაზობთ. საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ ამ შესაძლებლობის გამოყენება გვინდა - საუბარია საზღვრის გახსნაზე ისე, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ჯანმრთელობა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოში შემოვუშვათ უკლებლივ ყველა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ზემოთხსენებულ კატეგორიას მიეკუთვნება," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში შემუშავდა განაცხადების მიღების პლატფორმა, რომლითაც გრძელვადიანი პერიოდით საქართველოში ყოფნის მსურველებს შეეძლებათ, რომ ისარგებლონ.
ნათია თურნავას განცხადებით, ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ვიზიტორების შემოსვლას. „ეს ადამიანები დიდი ხნით იცხოვრებენ საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამით პირდაპირპროპორციულად დავეხმარებით ბინის გაქირავების ბიზნესსაც, რომელიც პანდემიამ ძალიან დააზარალა, ასევე სასტუმროების სექტორს კარანტინის დროს, სარესტორნო ბიზნესს და სხვ. პროექტი ხელს შეუწყობს ასევე ტურისტულ კომპანიებს, ტრანსპორტისა და გიდების სერვისების აქტიურად გამოყენებას, რადგან გრძელვადიანი ვიზიტორები ქვეყანაში მხარჯველუნარიანი ტურისტები იქნებიან," - განაცხადა თურნავამ.
„ჩვენ პროექტს უახლოეს დღეებში საჯაროდ გამოვიტანოთ განსახილველად, რათა მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ დაიწყონ აპლიკაციების შევსება, საქართველოში იმოგზაურონ და საკუთარი ბიზნეს საქმიანობა აქედან აწარმოონ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები