გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და მათ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და 5 000-ლარიანი გირაო დააკისრა.
გამოძიება აცხადებს, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა ალბიონის XI2 კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერის მოსანახულებლად.
"დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე იყო სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას.
მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი მასწავლებელი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ნინოსხევის ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა.
მეორე მასწავლებელმა ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე. იქ ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია", - აღნიშნულია ბრალდების მხარის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






