22 ივნისი 2020 - გალტ & თაგარტმა ტურიზმის ინდუსტრიაზე ვებინარი გამართა, სადაც ყურადღება გამახვილდა ტურიზმის გამოწვევებსა და საჭიროებებზე კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამომდინარე. ვებინარზე დასწრება ყველა მსურველისთვის იყო ხელმისაწვდომი სოციალური მედიის არხებით.
გალტ & თაგარტის კვლევაში დეტალურად არის განხილული Covid 19-ის გავლენა გლობალურ ტურიზმზე და დარგის მდგომარეობა საქართველოში, სხვადასხვა ქვეყნის ანტიკრიზისული გეგმები, დარგის საჭიროებები არსებული კრიზისის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მოლოდინები შიდა ტურიზმზე და ტურისტული ბაზრების ანალიზი.
COVID-19-ის შედეგად მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა მინიმუმ 58%-ით შემცირდება 2020 წელს, რაც ინდუსტრიისთვის რეკორდული ვარდნაა. გალტ & თაგარტის საბაზისო სცენარით, 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტები საქართველოში წლიურად 65%-ით შემცირდება. ასევე მოსალოდნელია დაახლოებით იგივე დონის კლება შემოსავლებში. ამასთან, ტურისტული ზონებიდან ყველაზე დიდი ზიანი აჭარას, მცხეთა-მთიანეთს და თბილისს მიადგება. საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის მოლოდინები პესიმისტურია და სექტორი ხანგრძლივი კრიზისისთვის ემზადება.
2020 წელს შიდა ტურიზმი მნიშვნელოვანია სექტორში კრიზისის შესამსუბუქებლად, თუმცა მისი წონა მცირეა, ადგილობრივი ტურისტების წილი სასტუმროებში მხოლოდ 26%-ია. ამასთან, შიდა ტურიზმს წაახალისებს ის ფაქტი, რომ 2020 წელს ქართველების საზღვარგარეთ მოგზაურობა შეზღუდული იქნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის პაკეტის ღონისძიებები სხვა ქვეყნების მსგავსია, თუმცა ერთი გამონაკლისია - საქართველოში არ მომხდარა შიდა ტურიზმის სტიმულირება. კრიზისის სავარაუდო ხანგრძლივობის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ტურიზმის სექტორისთვის 200 მილიონი ლარის ანტიკრიზისული პაკეტი არასაკმარისი იყოს, რადგან ჩვენი შეფასებით, სექტორი სულ მცირე 1 წლის განმავლობაში საჭიროებს საგადასახადო და საბანკო ვალდებულებების შემსუბუქებას. პოსტ-კრიზისულ პერიოდში მოსალოდნელია ტურისტების ეტაპობრივი დაბრუნება. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს მეზობელ ქვეყნებზე, საიდანაც ვიზიტორების უმეტესობა საქართველოს საკუთარი ავტომობილით სტუმრობს.
„ღონისძიების მთავარი მიზანია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს და სახელმწიფო სტრუქტურებს გავუზიაროთ გალტ & თაგარტის ხედვა არსებული ვითარების, გამოწვევების და პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ“,- განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
Rმასალის გამოყენების პირობები