კახა კალაძე ერთწლიანი მუშაობის მნიშვნელოვან მიღწევად ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფის შემცირებას მიიჩნევს.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა დღეს ერთწლიანი მუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტარიფების შემცირება მარტივად არ მომხდარა, რადგან კომპანიების ინტერესების გათვალისწინება აუცილებელი იყო:
„ელექტროენერგიაზე მოვახერხეთ ტარიფის შემცირება 20%-ით, 3,54 თეთრით, ასევე ბუნებრივ აირზე შევძელით ტარიფის შემცირება 5 თეთრით, 10%-ით. 60 მლნ ლარზე მეტი დარჩა მოსახლეობაში შეღავათი. სახელმწიფო ახორციელებს სუბსიდირებას კახეთის მოსახლეობაზე, რადგან კახეთის სადისტრიბუციო კომპანია გაკოტრების რეჟიმშია და მას არ შესწევდა ძალა, ტარიფის შემცირების და ამას სახელმწიფო იღებს თავის თავზე", - განაცხადა კალაძემ.
მინისტრის თქმით, ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და 85% უკვე გამრიცხველიანებულია. მისივე თქმით, "ენერგოპროსთან" გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები 2015 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულდება.
წელს დაახლოებით, 32 ათასი აბონენტი გამრიცხველიანდა და ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე 40 ათასამდე გაიზრდება.
რაც შეეხება გაზიფიცირების სამუშაოებს, მინისტრი აცხადებს, რომ ამ დრომდე 22 500 ოჯახია გაზიფიცირებული, წლის ბოლომდე მათი რიცხვი 35 ათასს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები






