თუ გავითვალისწინებთ, რომ ნებისმიერი კრიზისი თავის მხრივ წარმოადგენს შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობას, შესაძლოა ვივარაუდოთ რომ, საქართველოს მხრიდან კრიზისიდან გამოსვლის სწორი სტრატეგიისა და გონივრული მიზნობრივ კომუნიკაციების შემუშავებისა და პრაქტიკული გამოყენების შედეგად შესაძლოა სამომავლოდ საკმაოდ ეფექტიანი შედეგის მიღება შევძლოთ და ძველ ციფრებზე მალევე დავბრუნდეთ.
საქართველოს მთავრობის მიერ 7 მაისს წარდგენილი ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის, როგორც კონკრეტულ სექტორზე მორგებული ეკონომიკური სტრატეგიის თანახმად ქვეყანა უცხოელი ტურისტების მიღებას შეძლებს მიმდინარე წლის 1 ივლისიდან. ტურიზმში მოღვაწე სუბიექტებისთვის ეს ნამდვილი შვება იქნება და სასიხარულოა რომ ზაფხულის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება მუშაობის განახლება.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, მთელ მსოფლიოში 2020 წელს ტურების 58-დან 78%-მდე კლებაა მოსალოდნელი; აქედან გამომდინარე აგვისტო-სექტემბერში საქართველოში მოსალოდნელია ტურისტების რაოდენობის 60%-იანი კლება წინა წელთან შედარებით. შესაბამისად ტურიზმში მოღვაწე ყველა სუბიექტი პირველ ეტაპზე ვერ მოახერხებს ეკონომიკური საქმიანობის განახლებას. ასეთებად მოგვევლინებიან ცალკეული აპარტამენტები, რომლებიც ძირითადად ოპერირებენ Airbnb პლატფორმაზე (სასესხო ვალდებულებების დროულად დასაფარად, საცხოვრებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს შესაძლოა დასჭირდეთ დღიური გაქირავებიდან გრძელვადიანი გაქირავების მოდელზე გადასვლა ან გაყიდვაზე ფიქრი) და პატარა სასტუმროები. იმ კომპანიებს კი, ვინც განაახლებს საქმიანობას საზღვრების მასიურ გახსნამდე მუშაობა მოუწევთ თვითგადარჩენის რეჟიმში. თავიდან შედარებით მარტივი იქნება საზღვრები გაიხსნას ყველა ისეთ ქვეყანასთან, სადაც ვირუსი შედარებით მართვადია. კარგი შედეგის მომტანი იქნება თუ მალევე დაემატება ფრენები არაბულ ქვეყნებთან, ვინაიდან მაღალგადამხდელუნარიანი სეგმენტი სასტუმროებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ამ პირობებში ფაქტიურად დაახლოებით 30 ათასი ადამიანი დარჩება უმუშევარი ამ სექტორში 2023 წლამდე მაინც, სანამ მოხდება ციფრების ძველ ნიშნულზე დაბრუნება.
რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის მიერ გაჟღერებულ მთავარ მამოძრავებელ მესიჯს „საქართველო - უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“, ვფიქრობ ნამდვილად მიზანში მოარტყეს და საკომუნიკაციოდ იდეალურადაა შერჩეული.
ისმის მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ უნდა მოემზადოს სასტუმრო ინდუსტრია ოპერირების განსაახლებლად ანტიკრიზისული გეგმის მოქმედების პარალელურად? საქართველოს ტურისტული ბიზნესისა და ინდუსტრიის ახალი, ე.წ. პოსტპანდემიური პერიოდის მოთხოვნებისთვის მომზადებელ ეტაპზე აუცილებელია:
1. ახალი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა. დამატებითი დამცავი საშუალებების შეძენა და ყოველდღიურ მოხმარებაში დანერგვა.
2. თანამშრომლებთან კომუნიკაცია, უკან დაბრუნების სავარაუდო დრო და პირობები, ახალი პროცედურების ახსნა და შესაბამისი დატრეინინგება.
3. სასტუმროების მხრიდან დროებით აქცენტირება ქართველ მომხმარებელზე. უმეტესად ეს ეხება Resort-ის ტიპის სასტუმროებს. Colliers-ის კვლევის მიხედვით 2019 წელს ქართველების მიერ უცხოეთში განხორციელებულმა დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა 2 მილიარდი ლარი შეადგენა, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეულმა საშუალო დანახარჯმა 877 ლარი. შესაძლებელია, აღნიშნული ფულადი ნაკადების ნაწილის ადგილობრივი ტურიზმისკენ შემოტრიალება, რაც მნიშვნელოვანი დახმარება იქნება სასტუმროს სექტორისთვის.
4. სასტუმროსთვის დატვირთულობის განმსაზღვრელი ფაქტორისფასის რეგულირება. მოთხოვნა როდესაც მცირდება სასტუმრო იწყებს ფასის დაწევას და პირიქით. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს პოსტპანდემიურ პერიოდთან და ვიცით რომ მოთხოვნა ნახევარზე ნაკლები იქნება, ვიცით რომ ბევრი მოთამაშე ვეღარ დაუბრუნდება ბაზარს და ვინც დაუბრუნდება თვითგადარჩენის რეჟიმში უნდა იყოს, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ფასების მკვეთრი დაწევა და სასტუმროებმა უნდა ეცადონ შეინარჩუნონ მაღალი სტანდარტული ფასი, რაც განსახორციელებლად რთული იქნება, თუმცა სასტუმრო, რომელიც აკეთებს წლიურ ბიუჯეტირებას, დაინახავს, რომ მოსალოდნელი დაბალი დატვირთულობის პირობებში კიდევ დაბალი ფასით შესვლით 2021 წლის სეზონამდე გაუჭირდება მიღწევა.
5. ონლაინ მარკეტინგი და შეთავაზებების განახლება 8 ივნისიდან. სასტუმრომ უნდა აამოქმედოს გაყიდვების ყველა არხი, გააქტიურდეს სოციალურ ქსელში და უახლესი შემოსული ჯავშნების მიხედვით მოახდინოს სასტუმროს გახსნაც. შესაბამისად, გამომდინარე რომელ სეგმენტზე მუშაობს სასტუმრო, თითეული მეტწილად დამოკიდებული იქნება თუ როდის გაიხსნება ფრენები ამა თუ იმ ქვეყნიდან და როდის შემოუვათ ჯავშნები. რეგიონის სასტუმროები ადგილობრივი ტურისტის ხარჯზე მოახერხებენ ივნისის შუა რიცხვებში გახსნას, ხოლო თბილისის სასტუმროებისთვის უფრო ლოგიკური ივლისის შუა რიცხვებიდან გახსნა იქნება.
6. სასტუმროს საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაცია, იგულისხმება სასტუმროს მხრიდან საოპერაციო ხარჯების გადახედვა და ახალ რეალობაზე მორგება.
7. მაქსიმალური კომუნიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, პოტენციურ სტუმრებთან, ტურისტულ კომპანიებთან, უცხოელ მეგობრებთან ტურისტების მისაღებად სასტუმროს მზაობის შესახებ.
8. სასტუმროს კონსერვაციის გეგმა, იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი ისევ უარესობისკენ წავა, რათა მინიმალური ზარალით მოახერხოს სასტუმრომ მუშაობის შეჩერება.
9. მუშაობის გაგრძელება ახალ პროექტებზე, ვინაიდან ადრე თუ გვიან ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
10. განვითარება თვითმომსახურების მიმართულებით და ტექნიკური სიახლეების დახმარებით სერვისის კომპონენტში ფიზიკური კომუნიკაციის შემცირება. მაგალითად, დამატებით საგნებთან ფიზიკური კონტაქტის შემცირება ციფრული გასაღების მობილური აპლიკაციის გამოყენებით, ელექტრონული მენიუ და სხვა.
ქვეყნების ნაწილმა საქართველოს პარალელურად ასევე დააანონსა საზღვრების გახსნისა და ტურისტების მიღების მზაობის შესახებ. ამის ერთერთი კარგი მაგალითია საბერძნეთი. მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში უკვე გაიხსნა 500-ზე მეტი პლაჟი. რაც შეეხება პლაჟებზე დამსვენებლებს, მათ მოეთხოვებათ სოციალური დისტანციის დაცვა. დადგენილი წესების თანახმად 1 000 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 40 ადამიანის დაშვება იქნება შესაძლებელი. მზის დამცავი ქოლგები კი მინიმუმ 1-მეტრიანი დაშორებით უნდა განთავსდეს. საბერძნეთში ასევე მიიღეს ახალი კანონები ტურისტებისთვის საზღვარზე უსაფრთხოდ შესვლისა და გადაადგილების შესახებ.
რომ შევაჯამოთ, კორონავირუსით ნაკლებად დაზარალებულის უპირატესობის, როგორც ჩვენი კონკურენტული უპირატესობის გამოყენება საქართველოს მწვანე ზონად პოზიციონირებისათვის, პოსტპანდემიური პერიოდში შესაძლოა ვაქციოთ ისეთი მაღალგადამხდელი და ახალი სეგმენტების მოსაზიდად, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და რომელიც აქამდე საქართველოსკენ არც კი გამოიხედავდა. სამომავლოდ კი, როდესაც ყველაფერი გადაივლის, შესაძლებელია მივიღოთ ნახტომისებრი ზრდა ახალ ათვისებულ სეგმენტებთან ერთად.
სპეციალურად "ნიუპოსტისთვის" დავით მესხი - სასტუმროების მენეჯერი.
მასალის გამოყენების პირობები