ვინ ლობირებს ოცნების ხელისუფლებაში ჩინურ კომპანია სინოჰიდროს?!
ეს კითხვა უკვე 3 წელია არსებობს. მიზეზი კი სამტრედია - გრიგოლეთის 54 კილომეტრიანი მაგისტრალია, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. ოპოზიცია და მესამე სექტორი კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ხელისუფლება საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიასთან კორუფციულ გარიგებაშია შესული. პირველად ეს ეჭვი მაშინ გაჩნდა, როცა უკრაინულმა კომპანიამ ტენდერის პირველი ლოტი მოიგო და 80 მილიონი ისე მიითვისა, რომ სამუშაოები არ შეუსრულებია.
"საქართველომ 80 მილიონი ლარი სამუდამოდ დაკარგა. ეს ფული იმიტომ ვერ დაიბრუნეს, რომ უკრაინის ერთ-ერთ ბანკთან საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს, ბანკი მშვენივრად ფუნქციონირებს, თუმცა საქართველოს არაფერს არ აძლევს"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.
მეორედ, სახელმწიფოს კუთვნილი 27 მილიონი, იგივე გზის მშენებლობაზე იტალიურმა კომპანიამ მიითვისა, ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებები არც მას შეუსრულებია. თუმცა საქართველოს მთავრობას არცერთ შემთხვევაში არ მიუმართავს საარბიტრაჟო სასამართლოსთვის, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოეთხოვა. უფრო მეტიც, ბოლოს საგზაო დეპარტამენტმა ტენდერი მოაგებინა ჩინურ “სინოჰიდროს”, რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი კორუფციული წარსულით. საქართველოს ხელისუფლების რჩეული კომპანია მსოფლიო ბანკმა 2013 წელს არაკეთილსინდისიერი გარიგებების გამო დააჯარიმა, აფრიკის ბანკმა შავ სიაში შეიყვანა, მალაიზიაში კი სინოჰიდროს კორუფციის მონუმენტიც უწოდეს. ამის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებამ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა მაინც საეჭვო წარსულის მქონე ჩინურ კომპანიას მიანდო და 253 მილიონი მისცა.
მასალის გამოყენების პირობები