
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის თიანეთი-ზარიძეების 9-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. გზის ამ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დავით შავლიაშვილმა დაათვალიერეს. აღნიშნული გზა 80-იან წლებში გაიჭრა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია, გზაზე არასოდეს ყოფილა ასფალტის საფარი და მოძრაობაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.
ამ დროისთვის უკვე დასრულებულია გზის 6-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
აღნიშნულ ობიექტზე გზის საფარი დანამატებით გაუმჯობესებული მოდიფიცირებული ასფალტ-ბეტონის ნარევით მოეწყო. გზის პრობლემურ მონაკვეთებზე, რომელიც რბილი და მოძრავი გრუნტით ხასიათდება, ასფალტის ზედა ფენებს შორის შეჭიდულობის გაზრდის მიზნით, დაიგეგმა ახალი ტექნოლოგიის გამოყენება. კერძოდ, აღნიშნულ პრობლემურ უბნებზე ასფალტი გზის სამოსის ორ ფენას შორის ბაზალტის ქვის ბოჭკოსაგან ქსოვილი ბადის მოწყობის ტექნოლოგიით დაიგება.
აღნიშნულ მონაკვეთზე, ასევე, მიმდინარეობს 3 ხიდის რეაბილიტაცია, რკინა-ბეტონისა და გოფრირებული წყალგამტარი მილების, სანიაღვრე ქსელის, ლითონის მრუდხაზოვანი ძელებისა და სასიგნალო ბოძკინტების, ასევე, ტროტუარების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია `ბლექ სი გრუპი~ ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები






