რუსეთის საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილებით, 21 ივნისიდან განახლდება ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი, თუმცა, როგორც ფეხბურთის მესვეურები აცხადებენ, თამაშები სეზონის ბოლომდე მაყურებლის გარეშე ჩაივლის. გარკვეული ცვლილებებია წესებშიც - გუნდებს 3-ის ნაცვლად 5 მოთამაშის შეცვლის უფლება ექნებათ.
ჩემპიონატის დასრულება ერთ თვეში, 22 ივლისს იგეგმება. აღდგება ასევე რუსეთის თასის გათამაშება, რომლის ფინალიც 25 ივლისს არის დაგეგმილი.
"ეს ყველაზე ოპტიმალური თარიღია, პანდემიის დღევანდელი მონაცემების გათვალისწინებით. შეზღუდვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარების შესახებ ძალაში იქნება და მაყურებელი გუნდებს სახლებიდან უგულშემატკივრებს. სეზონი უნდა დასრულდეს და ეს შემჭიდროებულ ვადებში მოხდება. ასევე, იმ უცხოელ მოთამაშეებს, რომლებიც რუსულ გუნდებში თამაშობენ და ამჟამად ქვეყნის ტერიტრიაზე არ იმყოფებიან, შეეძლებათ რუსეთშ დაბრუნება," - აცხადებენ ფედერაციაში.
ამჟამად, რუსეთის ჩემპიონატს, 22 ტურის შემდეგ პეტერბურგის "ზენიტი" ლიდერობს, მას 9-9 ქულით მოსკოვის "ლოკომოტივი" და "კრასნოდარი" ჩამორჩებიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ განახლდა გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც მატჩები ასევე უმაყურებლოდ ტარდება, ხოლო ბელორუსს ჩემპიონატი საერთოდ არ შეუწყვეტია. სავარაუდოდ, ივნისში აღდგება ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატებიც.
მასალის გამოყენების პირობები