მიუნხენის ერთ-ერთ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებს შორის აღმოჩნდა ნაცისტების მიერ მიტაცებული პაბლო პიკასოს და მარკ შაგალის ძვირადღირებული ფერწერული ტილოები. ინფორმაციას უცხოური მედია გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი განცხადებით, სამართალდამცველებმა ბინაში 121 ჩარჩოში ჩასმულ და 1,285 ჩარჩოს გარეშე შენახულ ნამუშევარს მიაგნეს. მათივე თქმით, აღმოჩენილია მანამდე ყველასთვის უცნობი ტილოებიც, რომლებიც "კარგ მდგომარეობაში" იყო.
გამომძიებლებმა აღნიშნული სახლი 2012 წლის 28 თებერვალს გაჩხრიკეს. ღონისძიება 2010 წელს დაწყებული გეგმური საგადასახადო გამოძიების გაგრძელებას წამოადგენდა.
პროკურორმა რეინჰარდ ნემეცმა ჟურნალისტებს ბავარიის პროვინციის ქალაქ აუქსბურგში განუცხადა, რომ გამომძიებლები ამ ამბავს აქამდე არ ახმაურებდნენ, ხოლო ახლა მტკიცებულებები უტყუარი იყო.
მასალის გამოყენების პირობები