„ნიუპოსტი“ ისტორიულ გამარჯვებასა და წყალბურთელების მთავარ გამოწვევებზე დინამო თბილისისა და საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს რევაზ ჩომახიძეს ესაუბრა.
„მარსელის ოლიმპიკი გასული წლის ევროპის თასის გამარჯვებულია. გუნდი საკმაოდ ძლიერი და ჩვენზე ბევრად გამოცდილია, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ქულები აგვეღო. შესაბამისად, ეს გამარჯვება უაღრესად მნიშვნელოვანია , ეს ნიშნავს იმას, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.
ჩემპიონთა ლიგა უმაღლესი ხარისხია და გულწრფელად რომ გითხრათ, გვიჭირს ამ დონეზე თამაში, თუმცა მოთამაშეებისთვის, პრაქტიკისთვის, ჩვენი მენეჯმენტისთვის, ტრეინერებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრი და გამოცდილებაა. მარსელთან დაპირისპირებაში გუნდის პოტენციალი გამოჩნდა.
-შთამბეჭდავი კარიერა გაქვთ... იტალია, რუსეთი, ხორვატია და სხვა... 2001 წელს კონტინენტის საუკეთესო მოთამაშედ გაღიარეს, მოსკოვის "დინამოს" შემადგენლობაში ევროპის თასების თასის მფლობელიც ბრძანდებით, ხოლო "შტურმთან" ერთად - "ლენტროფის" გამარჯვებული. რატომ თქვით უარი რუსეთში უკვე აწყობილ კარიერაზე და ხომ არ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება აგვისტოს ომმა?
- საქართველოდან 1993 წელს წავედი და სამშობლოში 2010 წელს დავბრუნდი. ვიყავი პროფესიონალი წყალბურთელი. რუსეთშიც ვიყავი წარმატებული სპორტსმენი, როცა გადავწყვიტე ჩემს ქვეყანაში დაბრუნება, რადგან სერიოზულად არასდროს განვიხილავდი ჩემს დარჩენას რუსეთში, მყარად მქონდა გადაწყვეტილი რომ ჩემი შრომა და ენერგია ჩემს ქვეყანაში გამომეყენებინა.
მე უკვე იმ ასაკში ვიყავი, როცა ჩემი, როგორც სპორტსმენის კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა, ზუსტად ამ პერიოდში დაემთხვა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების უმწვავესი გართულება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთიდან წამოსვლა ჯერ კიდევ 2006 წელს გადავწყვიტე, სწორედ ამ პერიოდში უკვე უარი მქონდა ნათქვამი რუსეთის ნაკრებში ყოფნაზე და მას შემდეგ არც ოლიმპიადაზე მითამაშია. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და როგორც აღმოჩნდა, ჩემთვის ისტორიულიც, რადგან წარმოიდგინეთ: თავის დროზე რომ არ მეთქვა უარი, 2008 წლის 8 აგვიტოს მსოფლიო ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში მომიწევდა გამოსვლა, არ ვიცი რას ვიზამდი, თუმცა ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იქნებოდა.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკური დაძაბულობის მიღმა, არსებობს ადამიანური ურთიერთობები, მე ამ ბიჭებთან 10 წლის განმავლობაში ვთამაშობდი და ჩვენ საკმაოდ წარმატებული პერიოდი გვქონდა ერთად გატარებული, ჩემი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მარტივი.
სიმართლე გითხრათ, საქართველოში დაბრუნებისას ჩემი პრიორიტეტი საწვრთნელო საქმიანობა არ იყო. მაშინ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით საუბარი იყო ზოგადად წყალბურთის რეაბილიტაციაზე, დიდწილად ჩართული ვიყავი საორგანიზაციო საკითხებში, მევალებოდა რეგიონებში წყალბურთის განვითარება. ამის პარალელურად ვავარჯიშებდი ახალგაზრდულ ნაკრებს. დინამო თბილისისა და საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს პოზიციას ბოლო 2 წელიწადია ვიკავებ.
- რამდენად პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის წყალბურთის განვითარება დღეს და გრძნობთ თუ არა მხარდაჭერას?
- მთავრობის მხრიდან ნაკრებს საკმაოდ კარგი მხარდაჭერა აქვს. საუბარია პირველ ნაკრებზე. ჩემი აზრით, მაქსიმალური კეთდება იმისთვის, რომ სათანადო პირობები ქონდეს გუნდს ვარჯიშისთვის და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისთვის.
უმძიმეს პრობლემად რჩება განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, არ გვაქვს აუზები, მთელი საქართველოს წყალბურთი დამოკიდებულია ერთადერთ გადახურულ აუზზე - "ოლიმპიკზე". სადაც სამი ასაკობრივი ჯგუფი ვარჯიშობს, იქ ვარჯიშობს პირველი ნაკრები, იქ ვარჯიშობს ორი კლუბი. იქ ვარჯიშობს ახალგაზრდული, იქ არიან ბავშვები, მოცურავეები დილის 7 საათიდან და რა თქმა უნდა ეს ის პირობები არ არის ის, რაც სამომავლო განვითარებას სჭირდება. ჯერ-ჯერობით იმაზე მეტი პრობლემები გვაქვს ვიდრე გადაწყვეტილებები.
-რამდენად დიდია სპორტის ამ სახეობის პოტენციალი საქართველოში?
- ძალიან მწვავე პრობლემების მიუხედავად, ერთი აუზით და არც ისე დიდი დაფინანსების პირობებში, ჩვენ შევძელით და ევროპის პირველობაზე გავედით. 22 მარტს როტერდამში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე მივემგზავრებით, სადაც თეორიული შანსი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ოლიმპიადაშიც კი. რა თქმა უნდა წარმატების შანსი მცირეა, თუმცა ფაქტი, რომ ასეთ ტურნირში ვმონაწილეობთ, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ ასეთ პირობებში ვახერხებთ ასეთ წარმატებებს, ეს ჩვენი ქვეყნის პოტენციალს ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას რომ სწორად გამოყენების შემთხვევაში, მეტის გაკეთებაც შეგვიძლია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ევროპის პირველობაზე 10 გუნდში შესვლა ძალიან დიდი შედეგია. გავასწარით ისეთ გუნდებს, როგორებიცაა საფრანგეთი, ჰოლანდია, რუმინეთი... ამ წარმატების შენარჩუნებისთვის და მით უმეტეს წინსვლისთვის, ჩვენი სპორტის განვითარების კუთხით ბევრად უფრო მეტია გასაკეთებელი. ინფრასტრუქტურა პირველ რიგში - მსურველი ბევრია, თუმცა აუზი გადავსებულია, რაც მომზადების ხარისხზე პირდაპირ გავლენას ახდენს. წარმოიდგინეთ, რომ ერთ საათში 50-60 ბავშვი შემოდის და ამ პირობებში ინდივიდუალურ მიდგომაზე საუბარი ზედმეტია.
ყოველივე ჩამოთვლილის გათვალისწინებით მაინც კარგი შედეგები გვაქვს, როგორც დიდ ასევე ახალგაზრდულ ნაკრებში, სერიოზული წინსვლა გვაქვს და ხელისშეწყობა გვჭირდება.
უფრო კონკრეტულად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ, წყალბურთის განვითარებაზე რა თქმა უნდა მეტი დაფინანსება! ამ შემთხვევაში კონკრეტულად ნაკრებს არ ვგულისხმობ, ვსაუბრობ მასიურობაზე, პერსპექტივასა და პოტენციალზე. საუბარია ტრეინერების დაფინანსებაზე, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახალი კადრების მოწვევა და ასე შემდეგ. ის რაც მასიურობას სჭირდება აქ გვაქვს პრობლემა. ნაკრებში მდგომარეობა მეტ ნაკლებად ნორმალურადაა, პრობლემებია დაბალ დონეზე.
მასალის გამოყენების პირობები