"ჯეოჰოსპიტალსის" გურჯაანის სამედიცინო ცენტრში 55 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პაციენტი, რომელსაც ფეხზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, მესამე სართულის ფანჯრიდან გადახტა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
ტრავმატოლოგიური განყოფილების უფროსის თამაზ სიმონიშვილის თქმით, პაციენტს ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები.
„ახლაც დაეწყო ფსიქიური აშლილობა და მოტყუების გზით, როცა დედა ტუალეტში შევიდა და ექთანი კიდევ სხვა პალატაში პაციენტს გადასხმას უკეთებდა, რაღაცნაირად მოახერხა, გახსნა ფანჯარა, გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა“, – აღნიშნა ექიმმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ტრავმატოლოგიური განყოფილების პაციენტს ერთ–ერთ ექიმთან კამათი მოუვიდა, რის შემდეგაც ექიმმა მას დაარტყა. თვითმკვლელობა ამის შემდეგ მოხდა.
„ჯეოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში პაციენტსა და ექიმს შორის კამათს არ ადასტურებენ.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას გურჯაანის პოლიცია აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები






