ქვეყნის პიტველმა პირმა გამოსვლაში საქართველოს მიღწევებზე და გამოწვევებზე ისაუბრა.
"ჩვენი მომავალი არის ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული, გაერთიანებული საქართველო. ეს, ამავე დროს, ნიშნავს იმას, რომ უნდა დავძლიოთ დღევანდელი მტკივნეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. ამას სჭირდება მეტი ინიციატივა და მეტი სოლიდარობა ეკონომიკაში.
ულტრალიბერალიზმის მახინჯი ფორმები ყველგან, და მათ შორის ჩვენთანაც, გადაფასებას ითხოვს. ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რაც ჩვენთვის ბუნებრივი და ტრადიციულია: ესაა შემოქმედებითი წარმოება - რისი მაგალითიც ღვინის წარმოებამ უკვე მოგვცა და რომელსაც დღევანდელ მსოფლიოში უდიდესი პოტენციალი გააჩნია. ამ ახალ ეკონომიკურ საწყისებში ჩვენი დიასპორის ჩართვა აუცილებელია, და ამისათვის ახალი ფორმები უნდა მოინახოს.
ახალ ეკონომიკაში არ უნდა დავივიწყოთ ერთ-ერთი მთავარი ქართული ღირებულება - სოლიდარობა; სოლიდარობა თაობათა შორის, სოლიდარობა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. ეს არის განვითარების ის გზა, რომელიც საქართველოს საქართველოსთან დააბრუნებს."- განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა:
"ჩვენ ვიცოდით საქართველოს პოტენციალის, მისი კულტურული რესურსებისა და ზოგადად, მიმზიდველობის შესახებ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს ქვეყანა ასე სწრაფად განვითარდებოდა; რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებითა თუ მსოფლიო რეიტინგებით თავს დაიმკვიდრებდა რეგიონში (და არა მხოლოდ რეგიონში); რომ ჩვენი სპორტსმენები მსოფლიო არენას დაიპყრობდნენ და გავხდებოდით საერთაშორისო მასშტაბის ჩემპიონატების მასპინძლები ველოდები, რომ 26 მარტს ქართულმა ფეხბურთმა დაგვიდასტუროს თავის ადგილი ამ დარგში. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამ ხანმოკლე პერიოდში საქართველო, როგორც ღვინის აკვანი, თავს გააცნობდა მსოფლიოს, და ეს სტატუსი კითხვის ნიშნისა და ეჭვის ქვეშ არც დადგებოდა; რომ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე იგი თავის კუთვნილ ადგილს მოიპოვებდა. რაც მთავარია, ჩვენი ახალგაზრდები მსოფლიოს უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო სამეცნიერო შეჯიბრებებში მნიშვნელოვან და საამაყო წარმატებებს აღწევენ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






