დღეს, ელენე ხოშტარია იმ ახალგაზრდებს ხვდება , რომლებიც ევროპული საქართველოს ოფისთან ყოველდღე აქციებს მართავენ და ითხოვენ, მან დეპუტატის მანდატი დატოვოს.
ქართული ოცნების აქტივისტები, რომლებიც თავს დამოუკიდებელ აქტივისტებს უწოდებენ, ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია, ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად მეორედ დამტკიცების დღეს, 18 თებერვალს, ხოშტარიამ რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო.
მათი თქმით, პარლამენტი სიმბოლური ადგილია, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის არაერთმა "მათმა თანატოლმა სიცოცხლეც კი დათმო" და ხოშტარიას და ნადირაშვილის პარლამენტში ყოფნა სწორედ ამ ადგილას "რუსულენოვანი და პრორუსული" ჰიმნის ჩართვის გამო არის მიუღებელი.
ხოშტარიამ მათთან შეხვედრაზე განმარტა რომ ეს ქმედება თავად ჩათვალა საჭიროდ, რადგან პარლამენტში არიან ადამიანები ვინც ღიად ადიდებს სტალინს.
"მე ჩავთვალე, რომ როცა იქ საბჭოთა კავშირი ხდება, უნდა შევიდე ამ ფორმით. იმიტომ ვიბრძვი, რომ საბჭოთა კავშირი დავასრულო. ეს მარტო ბიძინა ივანიშვილის დამთავრდება კი არ არის. სიმბოლოებამდე თუ მივედით, ამ პარლამენტშიც არიან ადამიანები, რომლებიც ღიად ადიდებენ სტალინს. მე ის სიმბოლო, როგორც ჰიმნი, ისე არ გამომიყენებია. სხდომა, რომელიც მიმდინარეობდა, იყო საბჭოთა კავშირის სხდომა".- ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნი არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს ჩართეს იმის ხაზგასასმელად, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ქვეყანას საბჭოთა მეთოდებით მართავს.
მასალის გამოყენების პირობები






