"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერს, ბაჩუკი ქარდავას ხელისუფლების მიერ კომპრომისზე წამოსვლის არ სჯერა.
ედპ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის კარგი იქნებოდა, თუ ის ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებისა და საგარეო წნეხის გათვალისწინებით, ის სარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე ოპოზიციასთან კომპრომისზე წავიდოდა, თუმცა ხელისუფლების ოპონენტის შეფასებით, ივანიშვილის გუნდი ამისთვის მზად არ არის.
"ის ალბათ ახლა ვირ-ეშმაკურ ტაქტიკას ირჩევს, რაც ამ ხელისუფლების მთავარი მახასიათებელია, და კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის მთავარი შტრიხია"- აცხადებს "ტვ. პირველთან" ბჩუკი ქარდავა და იქვე მიანიშნებს, რომ „ხელისუფლება დროის გაწელვითაა დაკავებული“.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა "დიანა ტრაპაიძის დღის ამბების" პირდაპირ ეთერში საუბრისას, განაცხადა, რომ ის საარჩევნო თემატიკას პოლიტიკური პატიმრების არსებობისგან ვერ გამოყოფს.
"ახლა მოვდივარ სასამართლოდან, სადაც ტელევიზიის დირექტორს მედიაში საქმიანობის გამო ასამართლებენ, ნიკა გავარამიაზეა საუბარი. გვაქვს მოცემულობა, როცა სასამართლოში ადგილს ვერ იპოვი - მხოლოდ პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებს და ბიზნესმენებს იხილავთ, იმ ადამიანებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს თვალში არ მოსდის. საარჩევნო კანონმდებლობა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ეს არის ჩვენი აქტიური სურვილი იმისთვის, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით მოვახერხოთ.
თუ ბიძინა ივანიშვილი გაიგებს, რომ არჩევნების გზით მისი ხელისუფლებიდან წასვლა მისთვისაც ძალიან მომგებიანია, კარგია, თუმცა ჩვენთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები რომ ქვეყანაში ხელისუფლებები არჩევნების გზით იცვლებოდეს. თუ ამას ვერ გაიგებს ივანიშვილი, ხელისუფლება მაინც შეიცვლება ან არჩევნების დღეს, ხმების დათვლის შედეგად, ან არჩევნების მეორე დღეს, როცა ამ შედეგებს დაითვლის ხალხი. ასე რომ არჩევანი ბიძინა ივანიშვილზეა"- აცხადებს ქარდავა.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ფორმატსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ოპოზიციის მზაობა თავიდანვე არსებობდა, რომ საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით მსგავსი დისკუსია ყოფილიყო.
"ხელისუფლება თავდაპირველად ყველანაირად ცდილობდა თავი დაეძვრინა ამ მოლაპარაკებისგან, თუმცა დღეს ხედავენ, რომ ან უნდა წავიდნენ რეალურ ნაბიჯებზე ან მათ სხვა არჩევანი არ გააჩნიათ. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა მე გეტყვით რა დათმობები უნდა იყოს: ჩვენი მოთხოვნა იყო პროპორციული საარჩევნო სისტემა, რაც ჩვენი, ოპოზიციის ახირება არ არის. პროპორციული სისტემა ჩვენი მხრიდან დაყენებული იყო, შემდეგ უკვე მის კომპრომისად "გერმანული მოდელი", იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნებში არ უნდა ჰქონდეს ბონუსი. მას არ უნდა მიეცეს საშუალება კანონით გააყალბოს არჩევნები"- განაცხადა ქარდავამ.
მისივე თქმით, "ბიძინა ივანიშვილთან" ვაჭრობას არ აპირებს.
"ბიძინა ივანიშვილთან არანაირ ვაჭრობაზე არ წავალთ. ვაჭრობაა როცა გვეუბნებიან, რომ ამდენ ადგილს დავთმობთ, ამდენს კი არ დავთმობთ და თქვენ ოპოზიცია კმაყოფილი იქნებითო... არა, ოპოზიცია კი არ უნდა გამოვიდეს მოლაპარაკებებიდან კმაყოფილი. ამ პროცესიდან კმაყოფილი საარჩევნო პროცესი უნდა გამოვიდეს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.
ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, რომ 75-იან ბონუსზე უარს ვამბობ, 50-იანი ბონუსი მომეცითო. თუმცა გეტყვით, რომ ის იმ 75 % იან ბონუსსაც ვერ აითვისებს და ვერც 50-იან ბონუსს. არის ქართული საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები და არის პოლიტიკური სპექტრი ყველაფერს ანგარიში უნდა გაეწიოს. ჩვენი გადაწყვეტილები იმ მოცემულობიდან უნდა იყოს, როდესაც რეალურად გვეცოდინება რა პოზიციები გააჩნია ხელისუფლებას და რამდენად არის ის წამსვლელი დათმობაზე ქვეყანაში სმართლიანი და თანასწორი არჩევნების ჩასატარებლად. 100 და 50, არც პროპორციული ხომ არ სვამს წერილს არჩევნების სამართლიანობაზე. პოლიტიკური ნება და განწყობა იგრძნობა ამ მოლაპარაკების მაგიდასთან და როდესაც ჩვენ ამ მზაობას დავინახავთ, შეიძლება ძალიან ბევრ შემხვედრ ნაბიჯებზე წავიდეთ, თუმცა დღეს ხელისუფლებისგან ამ მზაობას ვერ ვხედავ"- დასძინა ბაჩუკი ქარდავამ.
რაც შეეხება არჩევნებზე მაჟორიტრარ კანდიდატებს, და პოლიტიკური პარტიების ამბიციებს ფიგურირებდნენ მაჟორიტართა სიებში, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა თქვა, რომ ეროვნულ დემოკრატიული პარტია გამოვა იმ მოცემულკობიდან, როგორი ამოცანაც იქნება ოპოზიციის წინაშე.
"თუ საჭირო იქნება, რომ ედპ-ს ლიდერი ან რომელიმე მისი ლიდერი ჩაერთოს მაჟორიტარულ მარათონში აუცილებლად ჩაერთვება და ამის რეალური რესურსი გარკვეულ ოლქებში შეიძლება იყოს. მაგრამ საბოლოოდ ეს დამოკიდებულია იმაზე რა საერთო ამოცანა იქნება ოპოზიციის წინაშე. ამ შემთხვევაში ჩვენ ყველა გამოვდივართ ერთი საერთო პოზიციიდან - რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და ამ ამოცანის დასაძლევად ვართ განწყობილები ეროვნულ დემოკრატები და პირადად მე რადგან მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლება ამ ქვეყნისთვის საფრთხეა"-განმარტა ბაჩიკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






