ხვალ, 26 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი, საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, გაიმართება თუ არა მაისში დაგეგმილი ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში, ამის შესახებ გადაწყვეტილება ცნობილი ხვალ გახდება.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, მინისტერიალის ჩასატარებელ ადგილთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში დიდი მოლოდინია და ხვალინდელი გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებისთვის განმარტებების გაკეთების შესაძლებლობა ექნება.
"ხვალ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ამიტომ, მე დღეს ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, რადგანაც ჩვენ უნდა დაველოდოთ ხვალინდელ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ხვალინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, მე კვლავ მექნება შესაძლებლობა, ქართულ საზოგადოებას განვუმარტო ყველაფერი იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც იქნება მიღებული", — განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, 14-15 მაისს ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს. იმ შემთხვევაში, თუ მინისტერიალი თბილისში გაიმართება, შესაძლოა, რომ ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრებიც ესტუმრონ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. საქართველოში კი, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე პოლიტიკური სპექტრი, ევროსაბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან.
მასალის გამოყენების პირობები






