20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა სამივე პირმა, კახაბერ კუპრეიშვილმა, ცოტნე სოსელიამა და ზურაბ ბუდაღაშვილმა პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს.
აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ამასთანვე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან მისი განმარტებით, ინტერესთა კონფლიქტი არსებობს. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
რაც შეეხება ბესიკ თამლიანს, ის მტკიცებულებებს უდაოდ არ ხდის.
ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






