
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ "სპეკულაცია" უწოდა ერთერთი ჟურნალისტის დაინტერესებას იმით, თუ რატომ არ ახსენა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა კიბერშეტევის შესახებ "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში რუსეთი.
მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული მსოფლიო ოქტომბერში განხორციელებული კიბერშეტევის გამო რუსეთს აკრიტიკებს, პრემიერი და თავდაცვის მინისტრი შეკითხვას გაურბიან ან ამბობენ, რომ "დეტალების განხილვაში" ვერ შევლენ. კიდევ ერთი საკვანძო უწყების - შსს-ს ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა კი ვერ დააკონკრეტა, შევა თუ არა სამართლებრივ დავაში საქართველო რუსეთთან.
"ბევრად უფრო მნიშვნელოვან ღონისძიებით ვართ მოსული აქ, ვიდრე ამ თემით სპეკულირებაა. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად.
კიბერსივრცე არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის რისკის შემცვლელი. ეს არის გლობალური გამოწვევა. ამ გლობალურ გამოწვევაში, შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ. ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს, თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება.
იმხელა რაღაც გაკეთდა საქართველოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, ღონისძიებით და გამოძიებით...დიახ, ეს თავდასხმა მომდინარეობდა რუსეთის მხრიდან", - დაამატა ბოლოს პრემიერმინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






