ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებით ვერ შეაჩერებენ.
"ჩემს წინააღდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან 10-მდე საქმე. მე ეს ვერ გამტეხავს და ჩვენ ყველანი გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვეთ და ყველა შეკითხვაზე იქნება პასუხი გაცემული", — განაცხადა მერაბიშვილმა.
ამდროისთვის სასამართლოში მერაბიშვილს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედში შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. მისი ადვოკატის, ოთო კახიძის განმარტებით, ამ საქმეზე გამტყუნების შემთხვევაშიც კი, უკვე მოხდილი წლები ამეტებს ახალ შესაძლო სასჯელს და მერაბიშვილს ამის გამო ვერ დაიჭერენ.
შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილმა ციხე 6 წლისა და 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. ის 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






