გარდაიცვალა საბჭოთა კომუნისტური სისტემისგან ერისა და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის მრავალგზის დევნილი, გამორჩეული ქართველი დისიდენტი, პოლიტპატიმარი, ქ-ნი მარიამ (მარიკა) ბაღდავაძე.
მარიკა ბაღდავაძემ განვლო ძლიერი, უკომპრომისო და სამართლიანი ქალის უჩვეულო ცხოვრება. იგი 1978 წლის 14 აპრილიდან იყო ჩართული ქართულ დისიდენტურ მოძრაობაში და მის თანამებრძოლებთან ერთად უდიდესი როლი შეასრულა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.იგი იყო არაერთი გახმაურებული აქციის ორგანიზატორი და თანამონაწილე, მათ შორის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ყველაზე გარდამტეხის - 1981 წლის მცხეთის აქცია, 1983 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის საწინააღმდეგო მანიფესტაცია, 1988 წლის ნოემბრის შიმშილობა, 1989 წლის 9 აპრილი და სხვ. რის გამოც ორჯერ იყო გასამართლებული რეჟიმის მიერ. საპატიმროებშიც განსაკუთრებული შევიწროვების პირობებში უწევდა ყოფნა.
მარიკა ბაღდავაძე გამოირჩეოდა უდიდესი პრინციპულობით და შეუვალობით, რაც მის მოწინააღმდეგებშიც კი პატივისცემას იწვევდა და მის სიტყვას საზოგადოების და ხელისუფლების ყველა ფენაში ანგარიშს უწევდნენ.დისიდენტურ და პოლიტიკურ მოღვაწეობასთან ერთად მარიკა ბაღდავაძე იყო მოსიყვარულე მეუღლე და ოთხი ვაჟკაცის დედა. იყო სახალხო პარტიის მთვარი კომიტეტის წევრი.
მან უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის განვითარების საქმეშიც, ის გახდა პატიმრების და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების ქომაგი და იმედი. დიდი როლი შეასრულა საქართველოში ომბუდსმენის ინსტიტუტის დამკვიდრებაში - იყო მისი ერთერთი პირველი ხელმძღვანელთაგანი.
სამწუხაროდ, მას არ მიეცა საშუალება დამოუკიდებელ საქართველოში სრულად გამოევლინა თავისი შესაძლებლობები. რეპრესიებმაც თავისი დაღი დაასვა მის ჯანმრთელობას, მაგრამ წლების განმავლობაში ლოგინად ჩავარდნილს ერთხელაც არ დასცდენია საყვედური, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი და საქართველოს ეკლესიის ერთგული შვილი, სიყვარულს, სითბოს და იმედს აძლევდა მის გვერდით მყოფთ.
ერთგული თანამებრძოლი, მოსიყვარულე მეუღლე და ოთხი ვაჟკაცის დედა, საქართველოს სიყვარულს შეწირული ქალბატონი, პრინციპულობის და შეუვალობის სიმბოლო - ასეთი იყო ჩვენი თანამედროვების ერთ-ერთი თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე მარიამ (მარიკა) ბაღდავაძე.ასე იხსენებს მარიკა ბაღდავაძეს ცნობილი დისიდენტი და პოლიტიკური მოღვაწე, ქალბატონი თამარ ჩხეიძე:
"გარდაიცვალა მარიამ (მარიკა) ბაღდავაძე - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენელი.
როდესაც მარიკა გავიცანი თვრამეტი წლის იყო, მე ცოტა მასზე უფროსი. იმ დღიდან ჩვენი და ჩვენი მეგობრების ურთიერთობა ყოველდღიურ ღია თუ იატაკქვეშა საქმიანობით იყო მოცული: პროკლამაციების და არალეგალური ლიტერატურის დამზადება-გავრცელება, საპროტესტო აქციები, პეტიციები და ა.შ. ვერთობოდით კიდეც: უკან დადევნებულ სუკის აგენტებს ვემალებოდით და ვანერვიულებდით.
ერთხელ მარიკაზე ზემოქმედების მიზნით მამამისი დააპატიმრეს, მარიკამ საპროტესტო შიმშილობა გამოაცხადა და გაიმარჯვა კიდეც. მარიკა თავდადებით და ბოლომდე თავგანწირვით იყო ჩართული ეროვნული და ადამიანური ფასეულობების დაცვისკენ მიმართულ ყოველ საქმიანობაში, ამისთვის იმყოფებოდა პატიმრობაშიც.
ყოველივე ამან ძლიერ შეარყია მისი ჯანმრთელობა და იგი მძიმედ დაავადდა.ბოლო ათ წელზე მეტი ოთხი ვაჟის დედა ლოგინიდან ვეღარ დგებოდა, წამოჯდომაც კი აღარ შეეძლო, თუმცა ინარჩუნებდა არაჩვეულებრივ მეხსიერებას, იუმორის გრძნობას და საღ აზრს. მარიკა წავიდა, შეუერთდა მასზე ადრე წასულ თანამებრძოლებს. მიუხედავად ყველაფრისა ბრძოლა დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსთვის არ იყო უქმი და არც მარიკას მრავალწლიანი წვალება ჩაივლის საბოლოოდ უშედეგოდ.
ხვალ მარიკას გამოსვენება შედგება 3 საათზე სიონის ტაძრიდან. ეს ის ადგილი იყო, რომელიც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელთა მთავარ შესაკრებელ ადგილს წარმოადგენდა."
მასალის გამოყენების პირობები






