საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აჭარის მაუწყებლის დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს მოუწოდებს, რომ მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა შეწყვიტონ.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე პროცესები ადასტურებს შეშფოთებას, რომ ხელისუფლებას სარედაქციო პოლიტიკაზე კონტროლის მოპოვება სურს.
"აჭარის ტელევიზიის დირექტორის ბოლო პერიოდის განცხადებები, დაგეგმილი საკადრო ცვლილებები თუ თანამშრომლების წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოება წარმოადგენს მენეჯმენტის მხრიდან კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე ზეწოლასა და შევიწროებას", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო სოლიდარობას უცხადებს ტელევიზიის თანამშრომლებს. ისინი მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში მათ სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინონ.
დღეს, აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, თეონა ბაკურიძემ ტელევიზიის დირექტორ და მრჩეველთა საბჭო თანამშრომელთა დევნაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ხელმძღვანელობა უხეშად ერევა ჟურნალისტების საქმიანობაში და ცენზურას აწესებს.
მასალის გამოყენების პირობები






