"ივანიშვილის მიერ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან დადებული დაპირება კვლავ ბლეფი აღმოჩნდა" – „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ ექსპრეს-ანალიზი
პოლიტიკა - 17:51, 11 Feb, 2020     822

„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ, ბოლო დღეებში განვითარებულ დრამატულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ცნობილია, სამართლიანი საარჩევნო სისტემის მიღებაზე ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირების უკან წაღებამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და ეს ნაბიჯი შეფასებულ იქნა, როგორც დემოკრატიის განვითარების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი. ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობების პირების ბოლოდროინდელმა სპეციალურმა ვიზიტებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩინა გარკვეული მოლოდინი, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება ეცდებოდა სიტუაციის გამოსწორებას და ოპოზიციასთან დიალოგში წავიდოდა გონივრულ კომპრომისებზე.

მართლაც აშშ -ის მაღალ სახელისუფლებო წრეებთან შეხვედრების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მისცა გარანტიები, რომ ყველაფერს მოაგვარებდა და პოლიტიკური პროცესი დაუბრუნდებოდა ნორმალურ, დემოკრატიულ კალაპოტს.

თუმცა რეალობაში ეს დაპირებაც ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი ტყუილი აღმოჩნდა!

უფრო მეტიც, ნაცვლად ოპოზიციასთან მოლაპარაკების გაგრძელებისა, ხელისუფლებამ დემონსტრაციულად გადადგა მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი - სასწრაფოდ აამოქმედა პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და დააკავა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რითაც ფაქტიურად წერტილი დაუსვა პოლიტიკური პროცესის ნორმალური, დემოკრატიული გაგრძელების თეორიულ შესაძლებლობასაც კი.

ხელისუფლების ეს გამომწვევი ნაბიჯი შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს - ივანიშვილის ხელისუფლება მკაფიო სიგნალს უგზავნის როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ქართულ ოპოზიციურ სპექტრს, ასევე მთელს საერთაშორისო საზოგადოებას, იმის თაობაზე, რომ

· ის არ აპირებს სამართლიანი საარჩევნო სისტემის მიღებას და არცერთ ვარიანტში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს

· ის სრულ იგნორირებას უკეთებს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების და დასავლეთის დემოკრატიული საზოგადოების სამართლიან შენიშვნებს და მოწოდებებს ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებების და ნორმების დაცვასთან დაკავშირებით

· ის აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს ოპოზიციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას, ძალადობას და სხვა არასამართლებრივი მეთოდების გამოყენებას

ჩემი აზრით, შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი ღირსეული გამოსავალი ისაა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარ თავში მოძებნოს ძალა და ყველა კანონიერი საშუალების გამოყენებით წინ აღუდგეს ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ძალაუფლების უზურპაციის ამ თავხედურ მცდელობას.

როცა ხელისუფლება მიზანმიმართულად კეტავს ყველა ინსტიტუციურ სამართლებრივ გზას, ამ დროს ერთადერთი სივრცე, სადაც შესაძლებელია საპროტესტო მოქმედების რეალიზება, რა თქმა უნდა ესაა ხალხის მშვიდობიანი პროტესტის ქუჩაში გამოხატვა.

დღემდე პრობლემა ის იყო, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო ქუჩის საკმარისად მასობრივი სახალხო პროტესტის ინიცირება და ხელისუფლების თავხედობის „ინსპირაციის საიდუმლოც“ ალბათ სწორედ ამაშია!

ივანიშვილმა მშვენივრად იცის, რომ მას საზოგადოების მხრიდან საკმარისი მხარდაჭერა აღარ აქვს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ხალხს ქუჩაში მასობრივად ვერ გამოიყვანს. რაც შეეხება არჩევნებს, ის ალბათ აპირებს, რომ დიდი ფულით და მისთვის ჩვეული სხვადასხვა „ტრიუკებით“ როგორმე გაიფორმოს მოგება და ფაქტის წინაშე დააყენოს ყველა, შემდეგ კი „გამარჯვებულის“ პოზიციიდან გველაპარაკოს.

ფაქტია, რომ საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელია ის, რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ პროტესტის გამოსახატავად აქამდე რატომღაც არ/ვერ ხდებოდა ქუჩაში ხალხის მასობრივად გამოსვლა!

ამ ფაქტის სრული, ამომწურავი ანალიზი რა თქმა უნდა რთული, კომპლექსური საკითხია, მაგრამ ჩემი აზრით, საყურადღებოა ზოგიერთი ობიექტური კანონზომიერების გათვალისწინება:

· ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პროტესტის გამოსახატავად ხალხი ქუჩაში ყოველთვის ადვილად გამოდიოდა, ხელისუფლებებსაც ცვლიდა, მაგრამ როგორც სჩანს, მათი მოლოდინები მაინც მეტი იყო (ალბათ ისიც საკითხიავია, რამდენად ადეკვატური იყო ხალხის მოლოდინები, მაგრამ ეს კიდევ სხვა პრობლემაა). მრავალგზის იმედგაცრუებამ გაზარდა ხალხის ინერტულობა და გააძლიერა აპათია. გარდა ამისა, ვფიქრობ საზოგადოება საკმაოდ გაიზარდა და მიხვდა, რომ რევოლუციებით უკეთესი მომავლის შექმნა ძალიან სარისკო რამ არის, ამიტომ ხალხი ქუჩაში არ გამოვა, თუ ამის ძალიან უკიდურესი აუცილებლობა არ იგრძნო.

· არსებულ სიტუაციაში ძნელი არ არის ხელისუფლებისთვის ქუჩის პროტესტით გარკვეული დისკომფორტის შექმნა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ახალ რეალობაში, სულ სხვა, გაცილებით უფრო რთული ამოცანაა ხალხის მასობრივი საპროტესტო მოძრაობის ინსპირირება. ქუჩის მასობრივი საპროტესტო მოძრაობისთვის საკმარისი მუხტის აკუმულაცია და მისი მართვა ოპოზიციური პარტიების ამ ეკლექტური, ამორფული „საკოორდინაციო ფორმატის“ საშუალებით ვფიქრობ პრაქტიკულად შეუძლებელია. ქუჩის საპროტესტო მოძრაობას, როგორც წესი, ძალიან მკაფიო მიზანი, უზარმაზარი რწმენა, ერთიანობის განცდა და გამოკვეთილი, ლიდერი (ან ლიდერთა ჯგუფი) სჭირდება. ასეთი ტიპის ლიდერის თვალსაჩინო მაგალითია ქვეყნის მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ მის გასანეიტრალებლად მისმა მტრებმა გამოიჩინეს გამჭრიახობა და წინასწარ მიიღეს „პრევენციული“ ზომები: წლების განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლება მისგან ჰქმნიდა მტრის ხატს და როგორც კი საშუალება მიეცა, ის საერთოდ განდევნა ქვეყნიდან.

· ფაქტია, რომ პოლიტიკურ სპექტრში ლიდერთა ცვლა, თაობათა განახლების პროცესი ძალიან ჩამორჩა დროს. საერთოდ ახალ დროს ახალი ლიდერები სჭირდება, მაგრამ ამ მოცემულობაში, თუ ქვეყნის გადარჩენა გვინდა, ან ისევ ის ძველი ლიდერი უნდა დავაბრუნოთ როგორმე, ან უნდა დაველოდოთ ახალი, სათანადო მასშტაბის ძლიერი ლიდერებს წარმოჩენას - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42