უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, იმ მომენტიდან, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბევრი პოლიტიკური ლიდერი ციხეში აღმოჩნდებოდა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ მათ შორის გიგი უგულავაც იქნებოდა.
„იმ მომენტიდან, როცა ივანიშვილმა საჯაროდ და მისთვის ჩვეული უტიფრობით თქვა, რომ მალე ბევრი პოლიტიკური ლიდერი დიდი ხნით ისევ ციხეში აღმოჩნდებოდა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ გიგი უგულავა ამ სიაში მოწინავე რიგებში იქნებოდა, ობიექტური მიზეზების გამო. ამაში არ ცდებოდა ივანიშვილის რეჟიმი, რომ სამიზნედ ამოღებული იყო გამორჩეული ლიდერი. აი, რაშიც ის ცდება მწარედ და პერსონალურად ტრაგიკულად არის ის, რომ ამ რეპრესიით ის შეძლებს ან ამ ლიდერის პოლიტიკური პოზიციის გატეხვას, ან საზოგადოების პროტესტის ჩახშობას“, - განაცხადა ბოკერიამ.
მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაცია შეუძლებელი გახდა.
„ეს ნაბიჯი არის ცუდი საქართველოსთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი მეგობარი ციხეში მიდის, არა მხოლოდ იმიტომ რომ მორიგ ჯერზე გვაჩვენონ, რომ სასამართლო არ გვყავს, არამედ იმიტომ, რაზეც ისაუბრეს აქ ჩემს წინ გამომსვლელებმა, რომ ამით მან შეუძლებელი გახადა ვითარების ნორმალიზაცია. ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია გავაგრძელებთ მცდელობას, რომ მეტი ზიანი ქვეყანას არ მიაყენოს ივანიშვილმა, მაგრამ ზიანი არის უზარმაზარი. ეს ყველაფერი დამთავრდება მისი კატასტროფული მარცხით და ყველა დღე იქნება ამ მარცხის ორგანიზებისთვის“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






