მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ 1 მარტიდან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ის ხსნის თავის შტაბს ივანიშვილის წარუმატებელი, კოლაბორაციონისტული ხელისუფლების დასამთავრებლად, საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ გააკეთა განცხადება:
„პირველ რიგში ალბათ ისევ უნდა დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას, რომელიც აგერ უკვე წლების განმავლობაში ერთნაირად აქტუალურია როგორც სააკაშვილის მომხრეების, ასევე მისი მოწინააღმდეგეებისთვისაც:
არის თუ არა სააკაშვილი ქართული პოლიტიკის მთავარი აქტორი და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მისი ეს ინიციატივა?!
ამ კითხვაზე პასუხი რა თქმა უნდა თავდ იმ ფაქტებში და მოვლენებში შეიძლება დავინახოთ, რომელსაც ვერ უარყოფს თვით მისი მოწინააღმდეგეებიც კი, კერძოდ
· ფაქტია, რომ საქართველოს დაუძინებელი მტერი ვლადიმერ პუტინი და მისი იმპერიული რეჟიმი, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, უმთავრეს მოწინააღმდეგედ თავად აღიარებს მიხეილ სააკაშვილს
· მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია ამ ხელისუფლების მიერ უსამართლოდ განდევნილია ქვეყნიდან, ის ივანიშვილის ხელისუფლებისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში კვლავ რჩებოდა და რჩება მთავარ მოწინააღმდეგედ და სამიზნედ, რაც რა თქმა უნდა მისი როლის და სიძლიერის აღიარებაა
· ფაქტია, რომ მიუხედავად ამდენი წლის დევნილობისა, სააკაშვილი საქართველოში ყველაზე დიდი და ძლიერი, პროდასავლური პარტიის მთავარი ლიდერია
· ფაქტია, რომ სააკაშვილი საერთაშორისო მასშტაბითაც ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი ქართველი ლიდერია, რადგან მის სახელს უკავშირდება ის უპრეცენდენტო დემოკრატიული რეფორმები, რამაც საქართველო დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო აღიარებულ - რეფორმატორულ, სწრაფად პროგრესირებად სამაგალითო ქვეყნად აქცია
· ფაქტია, რომ სააკაშვილი ერთადერთი ლიდერია საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელსაც აქვს არა მხოლოდ თეორიული, არამედ რეფორმების გატარების მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება. მას ეყო ძალა და ენერგია, რომ ქვეყანაში დაეწყო ფუნდამენტური სისტემური რეფორმები და მოეხდინა გარღვევა არაერთი მიმართულებით. მიუხედავად უზარმაზარი წინააღმდეგობებისა, ის ერთადერთია, რომელიც სისტემურად დაუპირისპირდა ქვეყანაში გამეფებულ ეკონომიკურ მაფიოზურ კლანებს, კრიმინალურ სამყაროს და ორგანიზებულ დანაშაულს, ძალიან მოკლე დროში დაამარცხა კორუფცია, ქვეყნის ეკონომიკა გაზარდა 4 -ჯერ, ჩამოაყალიბა სახელმწიფოს ახალი, თანამედროვე ინსტიტუციური საფუძვლები, წარმატებით დაიწყო სახელმწიფო მოხელეების თაობათა ცვლა, შექმნა ახალი პოლიცია და NATO -ს სტანდარტების შესაბამისი ქართული ჯარი, რომელიც ჩვენს ამერიკელ და ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში და ა.შ.
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის გაკოტრებული, კოლაბორაციონისტული ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის დემონიზების და მისგან მტრის ხატის შექმნის პროპაგანდისტული ისტერია სრული მარცხით დამთავრდა!
ფაქტია, რომ მიუხედავდ რეფორმების პროცესში მის მიერ დაშვებული რიგი სერიოზული შეცდომებისა, მიხეილ სააკაშვილი დღესაც უდავოდ არის ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი აქტორი და მის მიერ გამოცხადებული ინიციატივა ახალი, ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის დაწყების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის სასიკეთო დიდი პროცესის დასაწყისია!
აქვე ისმის შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა:
სააკაშვილის ეს ინიციატივა, ხომ არ უშლის ხელს ოპოზიციურ პარტიათა უკვე არსებულ საკოორდინაციო საბჭოს ერთიანობას და როგორი იქნება ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო ერთიანი ფრონტის კონფიგურაცია?!
· მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოპოზიციურ სპექტრში, გარდა სააკაშვილის მიერ დაანონსებული ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობისა, უახლოეს პერიოდში კიდევ შეიქმნება პოლიტიკური მიზიდულობის რამდენიმე, შედარებით მცირე მასშტაბის ცენტრი და ეს ოპოზიციის საერთო გამარჯვებისთვის ძალიან კარგია, რადგან თავად საარჩევნო კამპანიის წარმოების აქტიურ ფაზაში ხდება მათი მოქმედების დივერსიფიკაცია, რაც ელექტორალური სეგმენტების უფრო ფართოდ მოცვის საშუალებას იძლევა.
· ყველა სოციოლოგიური კვლევა და ანალიზი გვაჩვენებს, რომ ერთიანი კოორდინაციის შემთხვევაში, ძალიან მაღალი ალბათობით, გაიმარჯვებს ოპოზიციური პარტიების სპექტრი, ისეთი პროპორციებით, რომ არცერთ პარტიას არ ექნება დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა. ეს ნიშნავს კოალიციური მთავრობის გარდაუვალობას, რაც ძალიან კარგი პრევენციული საფუძველია იმისთვის, რომ მომავალში რომელიმე პარტიამ ვეღარ შეძლოს ერთმმართველობის დამყარება და თავიდან ავიცილოთ ხელისუფლების მიტაცების ან ნებისმიერი სხვა ტიპის სახელისუფლებო დეფორმაციების საფრთხეები.
· წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პერიოდში ოპოზიციური ფრონტის თითოეული პოლიტიკური ცენტრი ალბათ ძირითადად იმუშავებს საკუთარ სამიზნე სეგმენტზე, ხოლო მათ შორის აუცილებელი ორგანიზაციული კოორდინაცია, ჩემი აზრით, კვლავ უნდა მოხდეს დღეს არსებული, ერთიანი ტიპის საკოორდინაციო ფორმატის საშუალებით - განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქუჩის საპროტესტო აქციების ერთიანი კოორდინაცია, საარჩევნო ოლქებში ერთიან მაჟორიტარული კანდიდატებზე შეთანხმება და ა.შ.
· პარტიების ერთიანი საკოორდინაციო ფორმატის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს არჩევნების შემდეგაც, რადგან ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვებით პროცესი კი არ მთავრდება, არამედ პირიქით იწყება, რადგან ძალაუფლების მოპოვების შემდეგ უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება და ძალიან რთული სისტემური რეფორმებია გასატარებელი, რაც პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების დიდი ნაწილის ერთიანი ძალისხმევის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია“
მასალის გამოყენების პირობები






