მე-8 საფაკულტეტო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ხომერიკი, თსუ პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო დეპარატამენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ამსახველი პოსტერები. მოხსენებები წარადგინეს ფაკულტეტის რვავე დეპარტამენტის (მათემატიკის, კომპიუტერულ მეცნიერებათა, ფიზიკის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის) როგორც სტუდენტებმა, ასევე პროფესორებმა. პლენარულ სხდომაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულნი და გაიმართა მათი დაჯილდოების ცერემონია.
ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, „თსუ მხოლოდ სასწავლო ორგანიზაცია, ინსტიტუცია არ არის; აქ მიმდინარეობს კვლევა. მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობენ მეცნიერების განვითარებას. ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის წარმომადგენლები ბევრ საგრანტო პროეტში მონაწილეობენ, რომელშიც სერიოზულად არის წარმოჩენილი ფაკულტეტის აკადემიური და სტუდენტური პოტენციალი.
კონფერენციაზე დეპარტამენტების მიხედვით ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებულმა სტუდენტებმა პრეზენტაციები წარადგინეს. გამარჯვებულ სტუდენტებს პრიზები და სიგელები გადაეცათ.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის თქმით, „ კონფერენცია განვლილი წლის ერთგვარი საანგარიშო სესიაა, სადაც მოხსენებები გააკეთეს დეპარტამენტების პროფესოორებმა, ასევე წარმატებულმა სტუდენტებმა. პლენარულ სხდომაზე შედეგები აღვნუსხეთ და შევაჯამეთ. სტუდენტებს ეს გამოცდილება გამოადგებათ, ხოლო ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს ექნებათ საშუალება გაეცნონ- თუ რა ხდება საინტერესო სხვა მომიჯნავე დარგებში.“
„ჩვენი წარდგენილი პროექტი ეხება საქართველოში მტვერზე დაკვირვებას. ვინაიდან ამ კუთხით ჩვენთან არასახარბიელო სტატისტიკაა, ვცდილობთ რომ შევცვალოთ სიტუაცია გარკვეული მიზნებითა და ამოცანებით. ინჟინერია არის და ყოველთვის იქნება ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი,“ - განაცხადა ერთ-ერთმა გამარჯვებულმა კონკურსანტმა, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტმა გიორგი კორკოტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები