ეუთო-ოდირის მიერ რამდენიმე საათის წინ დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელია განხილული, დასკვნაში ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა "შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი."
"საერთაშორისო სტანდარტები არ გვთავაზობენ საარჩევნო სისტემების განმარტებას, შესაბამისად, რა შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულ, მაჟორიტარულ თუ შერეულ საარჩევნო სისტემად, პოლიტიკური და სამართლებრივი კვლევის საგანია." - ნათქვამია დასკვნაში.
ეუთო-ოდირის დასკვაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი შეთავაზება შეესაბამება "უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე პერიოდული არჩევნების პრინციპებს".
ოდირის რეკომენდაციებში საუბარია ბიულეტენში არჩევანის მონიშვნის წესზე, ცესკო-ს მიერ საბოლოო შედეგების შეჯამების ვადაზე, ქვე-ოლქების განსაზღვრაზე, მრავალმანდატიან ოლქებს შორის მანდატების თანაბრად განაწილებაზე და ა.შ.
ე.წ გერმანული მოდელი ოპოზიციამ ხელისუფლებას მას შემდეგ შესთავაზა, რაც ქართულმა ოცნებამ ჩააგდო კანონპროექტი სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტი ოპოზიციის შეთავაზების საწინააღმდეგოდ ის იყო, რომ ე.წ გერმანული მოდელი არ შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციას. ოპოზიციამ ამის გადასამოწმებლად მოდელი ეუთო-ოდირს გადაუგზავნა.
იხილეთ ეუთო-ოდირის სრული განცხადება:
“ვაცნობიერებთ რა მიმდინარე დისკუსიებს შემოთავაზებული ცვლილებების კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა სასამართლოებმა უნდა მიიღონ, ეს მოსაზრება მიმოიხილავს შემოთავაზებულ ცვლილებებს და აანალიზებს მათ რელევანტურ საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებთან მიმართებაში…”, – აღნიშნულია დოკუმენტის შესავალ ნაწილში.
მიუხედავად იმ განცხადებისა, რომ ცვლილებათა პაკეტის კონსტიტუციურობაზე საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოების მისაღებია, ODIHR-მა ე.წ. გერმანული მოდელის ქართული ვარიაცია საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკასთან შედარებით გააანალიზა, ასევე შევიდა შინაარსობრივ მსჯელობაში კონკრეტულ მუხლებთან და პრინციპებთან დაკავშირებით. მიზანი კი ხარვეზების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაცემაა კანონმდებლობაში პოტენციური ასახვის წინ.
ოპოზიციის მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი ODIHR-ს საქართველოს სახალხო დამცველმა გაუზგავნა.
ოდირის -ის განცხადებით, საარჩევნო სისტემა მაჟორიტარული იქნება, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული, უნდა იყოს ინკლუზიური განხილვის საგანი.
“ყველა შემოთავაზებული ცვლილება ფთხილად უნდა იყოს განხილული და პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღებული”.
ოდი რი პაკეტთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც გამოსცემს, რომლებიც ეხება საარჩევნო ბიულეტინზე ნების გამოხატვის საკითხის დარეგულირებას, ცესკოს მიერ საბოლოო შედეგების შეჯამების ვადებს, ასევე მრავალმანდატიან ოლქებში ხმებისა და მანდატების თანაბრობას, ასევე იმ დებულების გადახედვას, რომელიც იმ ამომრჩევლის პარტიული ხმებს აუქმებს, ვინც მაჟორიტარულ არჩევნებში ხმას დამოუკიდებელ კანდიდატს მისცემს.
შემოთავაზებული კანონპროექტი საარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ ელემენტებს ცვლის. საერთაშორისო კარგი პრაქტიკა რეკომენდაციას გვიწევს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ძირითად ასპექტები არ გაიხსნას ცვლილებებისთვის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე.
ოდირის შეფასებით, ცვლილებები უნდა გახნორციელდეს ორგანულ კანონში, რომლის მიღებაც პარლამენტს კონსტიტუციის შესაბამისად უბრალო უმრავლესობით შეუძლია.
განცხადებაში არნიშნულია, რომ საერთაშორისო სტანდარტები არ გვთავაზობენ საარჩევნო სისტემების განსაზღვრებას. კონკრეტული სისტემა უნდა კატეგორიზდეს თუ არა მაჟორიტარულად, პროპორციულად ან ჰიბრიდულად, პოლიტიკური და სამართლებრივი სწავლების, სამეცნიერო მსჯელობის საგანია.
მასალის გამოყენების პირობები






