პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სპეკულაციებს უწოდებს ოპონენტების განცხადებებს ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპული ოჯახისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ.
ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაცვლილ ოჯახს სახელმწიფო ყოველთვიურად 1330 ლარს ურიცხავდა.
“ამ ერთი კვირის წინ მათ მიმართეს რაიონის სოციალურ სამსახურს და აცნობეს ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ, თან უთხრეს, რომ დაალაგებდნენ თუ არა სახლს თამარ მეფის ქუჩაზე, საიდანაც გაასვენეს გარდაცვლილი გრიგოლ გველესიანი, დაბრუნდებოდნენ აღნიშნულ მისამართზე. ამ მიზეზით იმყოფებოდა ეს ოჯახი ხანძრის დროს წერეთლის ქუჩაზე”, – განმარტავს გიორგი ვოლსკი.
დეპუტატი აცხადებს, რომ ოჯახს 2019 წლის ოქტომბერში დროებით მართლაც შეუჩერდა საარსებო შემწეობა, რადგან არ ჰქონდა დაფიქსირებული აბონენტის ნომერი და კომუნალურშიც ჰქონდა ნული.
“ოჯახმა 22 ოქტომბერს შეავსო დეკლარაცია და 21 ნოემბერს ხელახლა მიენიჭა სარეიტინგო ქულა და აღუდგათ საარსებო შემწეობა. 2019 წლის დეკემბერში ჩაერიცხათ დროებით შეჩერების განაცდური თანხა: ჯამში, 2040 ლარი. მას შემდეგ 2020 წლის იანვარში, მათ ჩვეულებრივ ჩაერიცხათ ყოველთვიური საარსებო შემწეობა – 680 ლარი. საერთო ჯამში, ამ ოჯახს სახელმწიფო ყოველთვიურად 1 330 ლარს ურიცხავდა”, – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






