მამუკა მდინარაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლობისტურ საქმიანობაზე სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა.
"ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ 2019 წლის ოქტომბერში ენმ-მ აშშ-ში ლობისტური კომპანა Orion Strategies დაიქირავა:
"ბოლო კონტრაქტი ნაციონალურ მოძრაობასა და Orion Stategies-ს შორის თარიღდება 2019 წლის ოქტომბრით და მოქმედების პერიოდია ერთი წელი.
კონტრაქტის მიხედვით, ლობისტური კომპანია ოპოზიციურ პარტიებს, ანუ ნაციონალურ მოძრაობას, ამ შემთხვევაში, უნდა დაეხმაროს ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში, ეს არის მითითებული კონტრაქტში. ამ ფორმალური მიზნის ქვეშ რა საქმიანობაც უნდა განახორციელოს ლობისტურმა კომპანიამ, ალბათ, ყველასათვის ნათელია"- განაცხადა მან.
მდინარაძის თქმით, სკანდალია ის, რომ კონტრაქტს ხელს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ამჟამად ატლანტიკური საბჭოს დირექტორი საქართველოში, ბათუ ქუთელია აწერს:
"ამაში, რა თქმა უნდა, გასაოცარი, უჩვეულო და სკანდალური, მითუმეტეს, არაფერია, რომ არა იმ პირის ვინაობა, რომელიც კონტრაქტში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლად არის მითითებული.
როგორც ვიცით, ეს ადამიანი არ უნდა იყოს ფორმალურად ნაციონალური მოძრაობის წევრი და საჯარო სივრცეში მოქმედებს ე.წ სამოქალაქო, არასამთავრობო სექტორის და ე.წ ობიექტური ექსპერტის სტატუსით. საუბარია ბათუ ქუთელიაზე." - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.
მასალის გამოყენების პირობები






