ვაშინგტონიდან "ქართული ოცნების" კრიტიკა არ წყდება: აშშ-ს სენატორების გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს მთავრობას
პოლიტიკა - 09:28, 30 Jan, 2020     1778

ბიძინა ივანიშვილის გუნდის კრიტიკა ვაშინგტონიდან არ წყდება. მორიგი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებამ ამჯერად სენატორებისგან მიიღო.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავენ. ეს სენატის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილი პირველი წერილია.

წერილში, კომიტეტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნის და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დემოკრატიული პრინციპები დაიცვას და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

გთავაზობთ წერილის სრულ ტექსტს, რომელიც სენატის საგარეო კომიტეტისგან მოიპოვა და "ამერიკის ხმამ" გაავრცელა:

“ბატონო პრემიერ-მინისტრო გიორგი გახარია,

გწერთ, რომ გამოვხატოთ საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი ღრმა შეშფოთება. უკანასკნელი 29 წლის განმავლობაში, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენ ვიხილეთ დემოკრატიის დამკვიდრება, ეკონომიკური ზრდა, სამოქალაქო საზოგადოების აყვავება და მმართველობის მკვეთრი გაუმჯობესება. საქართველოს ერთგულება ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემისა და კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკისადმი, თქვენი რეგიონისთვის შთამბეჭდავი მაგალითია. ორივე ჩვენგანი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები ვიყავით და საქართველოს მიერ დემოკრატიის ამ მთავარი ფასეულობების დაცვამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. უკვე ათწლეულებია, რაც საქართველოს განვითარების გზაზე, შეერთებული შტატები მისი მხურვალე მხარდამჭერია.

თუმცა, ჩვენ უფრო და უფრო შეშფოთებულნი ვართ უკანასკნელი მოვლენებით, რომლებიც ქართული დემოკრატიის და მმართველობის შესუსტებაზე მიუთითებს. ორი მთავარი საკითხი არის პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის დაპირების ჩაგდება და მთავრობის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობა. ვიცით, რომ დაპირებული საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებდა ქართველი ამომრჩევლისთვის პროპორციული წარმომადგენლების მიცემას, იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემას რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ მიეცა გაუმართლებელი უპირატესობა. თქვენი მთავრობის გადაწვეტილება, რომ ეს ცვლილება არ მომხდარიყო, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პასუხისმგებლობისგან უკუსვლაზე მიუთითებს. ამასთან ერთად, მასობრივი, თუმცა მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამას მოჰყვა, მკაფიო ნიშანია, რომ ამ ჩავარდნით უკმაყოფილება არსებობს. მთავრობის მიერ ამ პროტესტების ძალადობრივი ჩახშობა, ქართველების დემოკრატიული უფლებების და მთავრობის მიერ მისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების დარღვევაა.

ამასთან, ბოლო პერიოდში, ოპოზიციის ლიდერების მიზანში ამოღება, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური მეთოდებით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის დამატებითი მტკიცებულებაა. ცნობები, რომ ოპოზიციის ლიდერებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები ფიზიკურად უსწორდებიან ან მათზე ძალადობენ, შემაშფოთებელია. ასევეა, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების ხელახლა გახსნა. პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ თავისუფლად საუბრის უფლებით და საქართველოს სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს გამოყენებული მათთვის ამ თავისუფლების შეზღუდვის იარაღად.

და ბოლოს, ჩვენ ვართ განსაკუთრებით შეშფოთებულნი რომ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ძირი ეთხრება უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის უვადოდ დანიშვნით მანამდე, სანამ მათი კვალიფიკაცია სრულად იქნა შეფასებული, როგორც ეს აღნიშნა ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ [ეუთო] თავის 2020 წლის იანვრის მონიტორინგის ანგარიშში. მიუკერძოებელი და დიდი გამოცდილების მქონე მოსამართლეების ნაცვლად, პოლიტიკური მოკავშირეების უმაღლეს სასამართლოში დანიშვნა იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს, რომლებმაც რეგიონში საქართველო შესაშური [მაგალითი] გახადა. ცოტა ხნის წინ გაკეთებული ბატონი ივანიშვილის განცხადება, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა, კიდევ ერთი შემაშფოთებელი ამბავია. ჩვენ იმედი გვაქვს ეს არ არის იმის ნიშანი, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სასამართლო და პოლიცია არამართებულად გამოიყენოს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

ჩვენ წლებია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და ჯერ ისევ გვჯერა, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიული საფუძველი. თუმცა, ეს მოვლენები ჩვენ გვაჩერებს და გვიჩენს კითხვებს ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების თაობაზე. ასევე, ჩვენ ვშიშობთ, რომ რეფორმების კუთხით პროგრესის ნაკლებობა და საქართველოს შიგნით დაპირისპირების ზრდა, კარს გაუღებს რუსეთის უფრო მეტად ჩარევას ქვეყანასა და რეგიონში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო დიდი საფრთხის წინაშე იქნება საქართველოს უსაფრთხოება და ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ.

დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ყავს და ჩვენ ძალიან გვსურს გავაგრძელოთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა. თუმცა, ჩვენ გვაქვს მოტივაცია მხარი დაუჭიროთ საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეგვეძლება საქართველოს დავეყრდნოთ როგორც სტაბილურ, სანდო და დემოკრატიულ პარტნიორს ამ საქმეში. ჩვენ გულწრფელად გვაქვს იმედი, რომ თქვენ სწრაფად ეცდებით ამ დაღმასვლის შემობრუნებას და შეასრულებთ დაპირებებს, რომლებიც ქართველ ხალხს მიეცა", - ნათქვამია წერილში.

სრულად წაიკითხეთ: "ამერიკის ხმაზე".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42