როგორც ცნობილია, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ამ წლის მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. ახლახანს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა მოულოდნელი განცხადება - მან რუსეთის დელეგაცია ოფიციალურად მოიწვია საქართველოში. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს. ამ ფაქტს გამოეხმაურა „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია“, რომლის თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ გააკეთა განცხადება:
„ყველასთვის კარგადაა ცნობილი ის მოვლენები, რომელიც გასულ წელს გამოიწვია რუსეთის დელეგაციის ვიზიტმა საქართველოში, რასაც მოჰყვა ქართული საზოგადოების მძაფრი პროტესტი და ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევა, რომელიც ცნობილია ე.წ. „გავრილოვის ღამის“ სახელით. გავრილოვის ღამის რეპრესიების შედეგები ჯერაც არ დასრულებულა, ის საპროტესტო განწყობები ჯერაც არ ჩამცხრალა, ხელისუფლების მიერ იმ ღამეს დაპატიმრებული ადამიანები ჯერაც ციხეებშია და საზოგადოება ივანიშვილის ხელისუფლებისგან უშედეგოდ ითხოვს მათ განთავისუფლებას და ამ დროს,
როგორც სჩანს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მზადდება კიდევ უფრო დიდი პროვოკაცია!
ძნელი მისახვედრი არ არის ჩვენი საზოგადოების რა მასშტაბის პროტესტს გამოიწვევს ბ-ნი ლავროვის ჩამოსვლა საქართველოში და რა გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ ვიზიტს!
საქართველოს პრეზიდენტს და ივანიშვილის ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს ახსნა-განმარტება მისცეს საზოგადოებას თუ რას ნიშნავს მათ მიერ გადადგმული ეს აშკარად პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთავარ პრინციპებს, უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს, საქართველოს კონსტიტუციას და კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
ხელისუფლება ვალდებულია აუხსნას ქართულ საზოგადოებას - რა ესაქმება საქართველოში იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც უხეშად არღვევს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც საქართველოს ორი ძირძველი რეგიონის - აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიტაცების და რუსეთის მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის ერთ-ერთი მთავარი „შემოქმედი“ და განმახორციელებელია.
„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაითვალისწინოს მოსალოდნელი საფრთხე და დაუყონებლივ გაემიჯნოს ქვეყნის პრეზიდენტის აღნიშნულ პროვოკაციულ განცხადებას!“
მასალის გამოყენების პირობები






