ოფიციალურად, ხელისუფლება თითქოს სერიოზულად არ აღიქვამს საერთაშორისო თანამეგობრობის სულ უფრო გახშირებულ კრიტიკულ ტონს და ყველაფერს ინფორმაციის ნაკლებობას, ანდა ოპოზიციასთან დაახლოებული დასავლელი პოლიტიკოსების ინტერესებს უკავშირებს.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ დასავლეთის ღია კრიტიკა „ქართული ოცნების“ დასასრულს სულ უფრო აახლოებს.
ჩვენ დავინტერესდით, როგორ უყურებს პოლიტიკოსი „ქართული ოცნების“ სიმშვიდეს და რა შეიძლება მოჰყვეს საერთაშორისო თანამეგობრობის უმწვავეს განცხადებებს.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერთან საუბრი პრეზიდენტ ზურაბიშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაჟღერებული წამოცდენის თუ უხერხულობის შეფასებით დავიწყეთ, როცა კონსტიტუციით ქვეყნის პირველმა პირმა, არაფორმალური მმართველი პირდაპირ პრეზიდენტად მოიხსენია:
ანზორ ბიწაძე: “რა ჯანდაბაა ბოლოს და ბოლოს, “მუღამი” გაქვთ რომ მთელს მსოფლიოში მოგვჭრათ თავი ? არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საარჩევნო წელს, კიდევ ბევრ შარს მოუტანდა ქალბატონი პრეზიდენტი ქართულ ოცნებას. ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს, ასეთი შეცდომა მოსდის. უკვე მერამდენედ ? ისედაც მძიმე შეფასებების და კრიტიკის ობიექტია ჩვენი ქვეყანა, ახლა კიდე დაცინვა უნდა დაემატოს ისედაც მძიმე მდგომარეობას ?"
- სანამ დასავლეთის კრიტიკას ფართოდ გავშლით, მაჩალიკაშვილის რეზონანსულ საქმეზე გკითხავთ, პროკურატურამ საქმის წარმოება ისე შეწყვიტა, რომ საზოგადოებაში 19 წლის ბიჭის ლიკვიდაციის საქმეზე იმაზე მეტი კითხვის ნიშანია, ვიდრე პასუხები...
- როგორ მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში?! მან ააფრიალა სამართლიანობის აღდგენის დროშა და ამ ტალღაზე მოვიდა ხელისუფლებაში. დღეს კი ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური ძალა, რომელიც შვილმკვდარ მამას არ აძლევს საშუალებას დაადგინოს ელემენტარული ჭეშმარიტება, თუ რას შეეწირა მისი შვილი. კონკრეტულად მაჩალიკაშვილისა და ამავდროულად სხვა რეზონანსული საქმეების გამო, "ქართული ოცნება" ამორალური გახდა. ისინი ყველანაირ მორალურ უპირატესობას კარგავენ ნებისმიერ მათ მოწინააღმდეგესთან. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? - ლაპარაკია იმაზე, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდეს შვილმკვდარი მამის მოთხოვნით. ეს არამხოლოდ მმართველი გუნდის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ელემენტარულად ნორმალური გამოძიება არ ტარდება, რომელიც საზოგადოების მხრიდან ნდობით ისარგებლებს და კაცი გაიგებს, რას შეეწირა მისი შვილი.
- როგორ გგონიათ, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, დაადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას?
- თუ უმრავლესობის წევრები იქნებიან ამ საგამოძიებო კომისიაში, რომლებიც გამოდიან და ყოველ მეორე სიტყვაში უკანმოუხედავად ატყუებენ ყველას და ყველაფერს, რა თქმა უნდა, ასეთი სგამოძიებო კომისია იქნება მხოლოდ და მხოლოდ პიარის თვალსაზრისით შექმნილი და სიმართლეს ვერ დაადგენს.
- ძმები იზორიების სკანდალი და შინაგან საქმეთა მინისტრის გაკეთებული განცხადება - „ფორმას გაგხდი“ - ეს არ არის დანაშაული, უარესები ხდება“, როგორ აღიქვით და როგორია თქვენი რეაქცია?
- ძმებ იზორიების საქმეს რაც შეეხება, ძალიან სამწუხარო მოსასმენი იყო ის, რაც თქვა შს მინისტრმა.
როგორი პოლიტიკური ოპონენტიც არ უნდა იყოს ესა თუ ის ადამიანი, არასდროს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ეს ჩემი სტილი არ არის, მაგრამ აღნიშნულ ინციდენტზე შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი იყო არასერიოზული.
რაც შეეხება ლევან იზორიას პასუხისმგებლობის საკითხს - ბოლომდე სამართლიანები რომ ვიყოთ, იზორიამ კი არ უნდა აგოს პასუხი, უნდა მოხდეს ადეკვატური გამოძიება აღნიშნული ინცინდენტისა, პასუხი უნდა აგოს იზორიას ძმამ. თუ სქემის ადეკვატური გამოძიება მოხდებოდა, თუ იქნებოდა პოლიციელის შეურაცხყოფაზე რეაგირება, არავის გუჩნდებოდა პროტესტი იზორიას ელჩად დანიშვნის საკითხზე და თუ გაჩნდებოდა პროტესტი, ეს უკვე იქნებოდა პოლიტიკურ ჭრილში. ელემნტარულ ანაბანაზე ვსაუბრობთ, ადამიანმა მიაყენა შეურაცხყოფა, არსებობს შესაბამისი საკანამდებლო ბაზა, თუ როგორ უნდა მოახდინოს სახელმწიფომ ასეთ ინციდენტზე რეაგირება. სახელმწიფოს კანონის ჩარჩოში რომ ემოქმედა, სალაპარაკო აღარ იქნებოდა იზორიას დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს გენ.ინსპექცია, რომელიც ვალდებულია შეისწავლოს ყველა მსგავსი ინციდენტი. სად არის გენინსპექცია, რას აკეთებს ამ დროს? რას აკეთებდა და რატომ არ მოახდინა რეაგირება?! სამწუხაროდ, სამართლებრივი სახელმწიფოსგან ძალიან შორს ვართ და ეს "ქართული ოცნების" პირობებში კარგად ჩანს. უბრალოდ ისმის კითხვა: რატომ არ მოახდინა იზორიას ინციდენტზე რეაგირება გენ.ინსპექციამ?
ასე რომ, ეს არის სისტემური პრობლემა და სამწუხაროდ, არ არის ერთეული შემთხვევა , შესაძლებელია კიტა იზორიას შემთხვევა გასკდა და განხილვის თემად იქცა, როცა დაინახა ხალმა რაც მოხდა, თუმცა ბევრი გადაცდომაა, რომლის შესახებაც მოსახლეობამ არაფერი იცის. სამწუხაროდ, მსგავსი პრობლემები არსებობს და ატარებს სისტემურ ხასიათს, ხან ერთი გახდება ცნობილი, ხან მეორე და ასე გაგრძელდება უსასრულოდ, სანამ სახელმწიფო სახელმწიფოს არ დაემსგავსება.
- ივანიშვილის ხელისუფლებას საფრთხეს უქმნის დასავლელი მეგობრების მკაცრი და პირდაპირი განცხადებებიც, რომელიც წერილობით თუ უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნებიდან ისმის, რას ელოდებით თქვენ?
- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მითუმეტეს საჯარო განცხადებებში, თუმცა როდესაც ევროპარლამენტარების გამოსვლებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა უმწვავეს წერილებს "ქართული ოცნების" წევრები ასე პასუხობენ, რბილად რომ ვთქვათ სასაცილო, არაადეკვატური და ღიმილისმომგვრელია. აბსოლუტურად მიუღებელია ის პოზიცია, რაც მმართველ გუნდს აქვს. ნებისმიერი ქართველისთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იქნებოდა, რაც ევროპარლამენტში ხდებოდა.
რომ არ გვცოდნოდა, რომ საუბარი საქართველოს შეეხებოდა, გეგონებოდათ რომელიმე ბანანის რესპუბლიკაზე საუბრობდნენ. ძალიან ცუდად დასრულდებოდა ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისათვის“, ივანიშვილის გუნდი ძალიან მძიმედ დაასრულებს. კეთილგონიერებისკენ კი მოუხმობდა კაცი მათ, მაგრამ აზრს ვერ ვხედავ. „ქართული ოცნების“ ლიდერებს დიდი წერაქვი უჭირავთ და თანმიმდევრულად, ჯიუტად, საკმაოდ სწრაფად ითხრიან პოლიტიკურ სამარეს.
- საარჩევნო სისტემის ჩაგდება და ამომრჩევლის მოტყუება, ეს არის მთავარი საკითხი, რის გარშემოც მთელი ოპოზიცია გაერთიანდა და რადიკალურ ცვლილებებს ითხოვს, რა ხდება ამ მიმართულებით და რას ელოდებით მორიგი შეხვედრიდან?
- საკონსტიტუციო რეფორმის გატარება და საკანამდებლო სტრუქტურის დაბრუნების გარეშე, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის გარეშე, 2020 წლის არჩევნები მთელი საერთშოროსო თანამეგობრობისთვის ეჭვქვეშ დგას. ამას თუ ვერ ხვდება ხელისუფლება, მოუწევს ამ ფაქტთან შეჯახება არჩევნების მეორე დღეს. გარწმუნებთ, მათთვის უკეთესი იქნება, ამას დღესვე მიხვდნენ, თორემ ძალიან მწარედ შეეჯახებიან ამ ფაქტს.
პირველი რაუნდის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ“ განცხადა, რომ ქართულ ოცნებას დახურული აქვს საუბარი არჩევნების შემდგომ რაუნდზე და არ ისაუბრებენ ამ თემაზეო, მაგრამ აგერ უკვე რიგით მეხუთე რაუნდს ველოდებით და მჯერა რომ მათ მოუწევთ ამ დათმობაზე წამოსვლა, რადგან არ შეიძლება დაუპირისპირდე ყველას, ყველანაირ ძალებს, ეჩხუბო როგორც საზოგადოებას, სრულ პოლიტიკურ სპექტრს, მედიასა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ეს არასდროს არავის გასვლია და არც „ოცნებას“ გაუვა, რომლებიც დიდი გამჭრიახობით არ გამოირჩევიან.
ნუ ჩამითვლით ამას ზედმეტ ხატოვან ნათქვამში, თუმცა სასწორზე დევს საქართველოს ნორმალური განვითარების პერსპექტივა: თუ არ გვექნება სამართლიანი არჩევნები, ქვეყანა დადგება უმძიმესი კრიზისის წინაშე, შევა ძალიან მძიმე ჩიხში, საიდანაც უმტკივნეულოდ გამოსვლა იქნება შეუძლებელი.
ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან სასწორზე დევს მათი პოლიტიკური მომავალი თუ „ქართულ ოცნებას“ სურს რომ ნებისმიერ ფასად დარჩეს ხელისუფლებაში, ძალიან ხანმოკლე იქნება მათი არსებობა პოლიტიკურ ასპარეზზე. თუ მათ საერთოდ სურთ, რომ დარჩნენ ქართულ პოლტიკაში, მაშინ უნდა განახორციელონ საკონსტიტუციო რეფორმა და თუ ვინმე მმართველ გუნდში ვერ ხვდება ამ სიტუაციის სიმძიმეს, მასთან საუბარს აზრი აქვს დაკარგული.
მასალის გამოყენების პირობები






