გიორგი გახარიამ კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენისგან, ბრაიან ბაბინისგან მიიღო წერილი, სადაც საუბარია საქართველოს მიერ აუცილებელი რეფორმების შეწყვეტასა და ამერიკული ინვესტიციებისთვის არასასურველი გარემოს შექმნაზე.
„ბატონო პრემიერო გახარია, როგორც კონგრესის წევრი გწერთ იმასთან დაკავშირებით, რომ დავაფიქსირო ჩემი წუხილი საქართველოს მიერ დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევისა და ეკონომიკური განვითარების შეწყვეტის, გაურესების გამო. მინდა გაცნობოთ საქართველოს დემოკრატიულ და თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის მაჩვენებლებში ნეგატიური ტენდენციების ზრდაზე, რომელიც შეშფოთების მიზეზი გახდა ამერიკელი კონგრესმენებისთვის.
ზემოხსენებული ტენდენციის გამო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი საქართველოში საგრძნობლად მცირდება, რის მიზეზსაც წარმოადგენს ის, რომ ევროპული და ამერიკული ინტერესები გახდა ძალადობის, კონტრაქტის გაწყვეტისა და საკუთრების ჩამორთმევის, თავდასხმების ობიექტი. ამ ფაქტის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ტეხასური კომპანიის, ფრონტერას მიმართ წარმოებული აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მთავრობის მხრიდან.
აგრეთვე საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამერიკულმა სოციალურმა მედიამ, ფეისბუქმა აღმოაჩინა მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციითა და ანტი-ამერიკული პროპაგანდით იყვნენ დაკავებულნი. ამ გაუარესებული გარემოს გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აშშ-ს კონგრესის ორ კანონპროექტს თანხის გამოყოფის შესახებ, 2019 და 2020 წლებში, რომლებშიც განსაკთრებით არის საუბარი იმ შეშფოთების შესახებ, რაც საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების მიმართ გაზრდილ ანტაგონისტურ ქმედებებთანაა ასოცირებული“ ,- აცხადებს ბრაიან ბაბინი
ამერიკელი კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, იზრდება მოწოდებები სანქციების დაწესებაზე.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს, იყოს აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი მრავალი წლის განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუციებისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გაძლიერებით, რისი საფუძველიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვადლებულება, კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ძალისხმევები.
აგრეთვე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეაჩერებს აგრესიული ქმედებების განხორციელებას ამერიკული კომპანიების მიმართ და იმუშავებს იმისთვის, რომ დემოკრატიის წინააღმდეგ წარმოქნილი საფრთხეები აღკვეთოს“ ,- ნათქვამია ამერიკელი კანონმდებლის წერილში.


მასალის გამოყენების პირობები






