,,საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას პერიოდულად სთავაზობს განახლებულ ფოტომასალას სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებიდან.
ქუთაისის შემოვლითი 17.3 კმ–იანი გზის 6.7 კმ-იან მონაკვეთზე (კმ10.6-კმ17.3) ბეტონის საფარის დაგება დასრულებულია და მიმდინარეობს გზის გვერდულების მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები.
ამ დროისათვის, ქუთაისის შემოვლითი გზის მთელ მონაკვეთზე მოსაწყობი 43 ხელოვნური ნაგებობიდან (წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები) 38-ის მშენებლობა დასრულებულია.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გრძელდება ხიდების მშენებლობის სამუშაოები. მდ. ჭიშურაზე, მდ. რიონზე, მდ. ნახშირღელეზე, რიონის არხსა და მდ. წყალწითელაზე მშენებარე ხიდების რკინა-ბეტონის ხიმინჯების მშენებლობა დასრულდა და მიმდინარეობს ხიმინჯების გამაერთიანებელი რკინა-ბეტონის ფილებისა და ბურჯების დგარების მოწყობის სამუშაოები. პარალელურად, მიმდინარეობს მომდევნო ეტაპის - ხიდის კოჭების მოწყობის სამუშაოებიც. ასევე დასრულებულია მდ. ნახშირღელეს ხიდზე 24 ერთეული კოჭისა და მდ. რიონზე 7 ერთეული კოჭის მონტაჟის სამუშაოები.
ამ დროისათვის მიმდინარეობს მდ.რიონზე კოჭების მონტაჟის (60 ერთეული), ხოლო რკინიგზის გადამკვეთ ესტაკადაზე ხიმინჯებისა და რიგელების მოწყობის სამუშაოები.
ხიმინჯების, რიგელების, ბურჯებისა და ხიმინჯების გამაერთიანებელი რკინა-ბეტონის ფილების სამუშაოები დასრულებულია სამშენებლო გზის გადამკვეთ №1, №2, №3 და №4 გზაგამტარებზე“, - ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






