თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, სადოქტორო განათლების თემაზე გამართული შეხვედრა საკმაოდ საინტერესო ფორმატისაა და ეს ხელს შეუწყობს საქართველოში სადოქტორო სწავლების განვითარებას. „შეხვედრაზე შემუშავებული რეკომენდაციებზე შემდგომში იმსჯელებენ ევროგაერთიანებაში, სადაც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის დასკვნებს სერიოზულ ანგარიშს უწევენ. კარგია, რომ დღევანდელ დისკუსიაში მაქსიმალურად ჩაერთვნენ ქართული უნივერსიტეტები. მნიშვნელოვანია ევროპულ უნივერსიტეტებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
ღონისძიებაზე თსუ ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ირმა გრძელიძემ წარმოადგინა მოხსენება, რომელშიც თსუ-ში სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფასა და პერსპექტივაზე ისაუბრა.
„მრავალი ევროპული უნივერსიტეტი მონაწილეობდა ამ ვორკშოპის მასპინძლობის კონკურსში. გვიხარია, რომ შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება. ჩვენი ვორკშოპი ეხება სადოქტორო სწავლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი კვლევებისა და, საერთოდ, ახალგაზრდების განვითარებისთვის,“- აღნიშნა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ასოციაციის სადოქტორო სწავლების საბჭოს თავმჯდომარემ მარტინ რაიემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო განათლების შესახებ სემინარებსა და ვორქშოფებს 120-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში გამართავენ.
EUA-CDE წლიური შეხვედრა დოქტორანტურის საფეხურზე სწავლების ყველაზე მასშტაბური და ყოვლისმომცველი ევროპული შეკრებაა, რომელიც დოქტორანტურაში მიმდინარე ტენდენციებს და მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ეს არის ახალი პარტნიორობისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების კიდევ ერთი შესაძლებლობა.
მასალის გამოყენების პირობები