“დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ კომენტარი გააკეთა NDI -ის მიერ საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით:
„NDI -ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმა ობიექტურად დაადასტურა ის მძიმე კრიზისული სურათი, რაც უკვე ისედაც თვალნათლივაა გამოკვეთილი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ- ეკონომიკურ ცხოვრებაში.
პირველი და უმთავრესი შედეგი, რაც კვლევამ აჩვენა ისაა, რომ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარება არასწორი მიმართულებით მიდის, შესაბამისად - ქვეყნის არაფორმალური მმართველის - ბ-ნი ივანიშვილის, ასევე ქვეყნის პრეზიდენტის და პრემიერ მინისტრის ნდობის რეიტინგები კატასტროფულად დაბალია.
ხელისუფლებისთვის სრულიად კატასტროფულია პარტიული რეიტინგებიც. „ქართული ოცნების“ 19% პროცენტიანი რეიტინგი, ე.წ. „საეხლისუფლებო რესურსის“ გათვალისწინებით, ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ სახელისუფლებო პარტიის რეალური ნდობა პრაქტიკულად მინიმალურ - ე.წ. ფონურ დონემდე დაეშვა.
ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები სათანადოდ ვერ აცნობიერებენ მათ მიერვე შექმნილი მძიმე კრიზისის გამომწვევ რეალურ მიზეზებს და საკუთარი არაკომპეტენტური, არადემოკრატიული ქმედებების გადახედვის ნაცვლად, აგრძელებენ უნდობლობის გამოხატვას NDI -ის და სხვა საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.
NDI -ის მიერ ჩატარებული ამ კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ოპოზიციის ნდობის ელექტორალური ჯამური რესურსი ბევრად აღემატება სახელისუფლებო პარტიის რესურსს. მართალია ე.წ. „ჩამოუყალიბებელ“ ამომრჩეველთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების ბოლოდროინდელ სრულიად არაადეკვატური ქმედებებს, რასაც მოჰყვა მისი რეპუტაციის სრული განადგურება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე, ვფიქრობ არსებობს საკმაოდ ობიექტური საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებას აღარ გააჩნია ქვეყანაში სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის და საკუთარი ელექტორატის მნიშვნელოვნად გაზრდის რესურსი.
NDI -ის კვლევის ეს შედეგები აშკარად გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია."
მასალის გამოყენების პირობები






