"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევები ადასტურებს იმას, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ხანა დასრულდა.
პოლიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ "ოცნების" თავმჯდომარემ ყველაზე მაღალი ნეგატიური შეფასება მიიღო.
„ვფიქრობ, NDI-ის კვლევებმა აჩვენა ის სურათი, რაც ჩვენს ქვეყანაში არის რეალობა. პირველ რიგში, იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა არის საგრძნობლად გაღარიბებული და ეკონომიკა ფაქტიურად არის ჩამოშლილი,დღეს ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა, 80 პროცენტი მხარს აღარ უჭერს "ქართულ ოცნებას" და სურს ცვლილება. ახლა ბურთი მოედანზე, ოპოზიციის მხარეს არის, რომ ჩვენ მოვახერხოთ და ამ თვეებში იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უმრავლესობა დავარწმუნოთ იმაში, რომ ყველაზე სწორი ხედვა ქვეყნის სწრაფი განვითარების აქვს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ოპოზიციას.
ეს კვლევა ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის მმართველობის ხანა ქვეყანაში დასრულდა. ყველაზე მაღალი ნეგატიური შეფასება აქვს სწორად ბიძინა ივანიშვილს ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი აღარ აპირებს დაუტოვოს საკუთარი სახელმწიფო სამართავად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი უკანასკნელი პროექტი სალომე ზურაბიშვილი არის ასევე ლიდერი მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულების თვალსაზრისით. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური პროექტი დასრულდა კრახით და ქართველი ხალხი საკუთარ გამარჯვებას გააფორმებს არჩევნებზე, ამას აჩვენებს რეალურად ეს კვლევა,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, კვლევებმა აჩვენა, რომ ეს არის "ქართული ოცნების" მმართველობის დასასრულის დიაგნოზი. მისი თქმით, ქართველმა ხალმა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას განაჩენი გამოუტანა.
"ეს არის "ქართული ოცნების" მმართველობის დასასრულის დიაგნოზი. ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას. გაუარესდა ყველა მაჩვენებელი, რისი გაუარესებაც შეიძლებოდა. ნეგატიურ რეიტინგშ ივანიშვილი არის რეკორდსმენი. "ოცნების" ეს მაჩვენებლები ამავე დროს ძალიან აზიანებს ქვეყანას" - აცხადებს გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობის კატასტროფული ნდობის ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება პროდასავლური პარტიების მიმართ ნდობა. მისი თქმით ეს რელობა ხელისუფლებისთვის ახალი არ არის.
"კვლევამ აჩვენა, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობის კატასტროფული ნდობის ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება პროდასავლური პარტიების მიმართ ნდობა, მათი ჯამური რეიტინგი დრეს ბევრად არემატება ქართული ოცნების რეიტინგს და ეს არც "ოცნებისთვის" და არც ივანიშვილისთვის სიახლე არ არის." - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
შეგახსენებთ "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევები დღეს გამოქვეყნდა. NDI-ის კვლევების თანახმად, ყველაზე მაღალი ნეგატიური შეფასება ბიძინა ივანიშვილს და სალომე ზურაბიშილს აქვთ. გამოკითხულთა 49-49 პროცენტი ამბობს, ივანიშვილისა და ზურაბიშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები






