არსებული ტემპით C ჰეპატიტის ელიმინაცია 6-8 წელიწადში მოხდება - ზურაბ ჭიაბერაშვილი ამირან გამრელიძეს სოციალურ ქსელში პასუხობს
პოლიტიკა - 15:03, 14 Jan, 2020     804
ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს ვრცელი წერილით პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო ამირან,

დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემს საჯარო კითხვებზე პასუხისთვის. ვფიქრობ, ეს საქმიანი მიმოწერა - ორივე მხრიდან ზოგჯერ პოლიტიკური ტონალობის მიუხედავად - ფართო აუდიტორიას საინტერესო ინფორმაციას აწვდის ამ პროგრამის შესახებ და განუმტკიცებს რწმენას ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ინფიცირებული მოქალაქისთვის უდიდეს მნიშვნელობაში.

მადლობას მოგახსენებთ იმისთვისაც, რომ “თქვენ და თქვენს გუნდს გჯერათ, რომ ჯანმრთელი საზოგადოება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალად პოლიტიზირებული თემებით ჯანდაცვის სექტორის მიღწევათა ნგრევა.” (ციტატა თქვენი პასუხიდან).

თქვენი ეს რწმენა, სავარაუდოდ, იმანაც განამტკიცა, რომ როდესაც სახელმწიფო აუდიტმა წინა ჯერზე, ჩემი აზრით, უსამართლოდ დასდო ბრალი დაავადებათა კონტროლის ცენტრს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელახლა შეძენის მიზანშეუწონლობაში, მე მაშინ თქვენი მხარე დავიკავე და ამის თაობაზე საჯარო განცხადებებიც გავაკეთე, ყოველგვარი “პოლიტიზების” გარეშე.

სიამოვნებით ვიღებ თქვენ მიწვევას, მარტში დავესწრო პროგრამის საბჭოს ტრადიციულ მე-7 სამუშაო შეხვედრას და ვიმედოვნებ, ჯანდაცვის სამინისტრო მოგვიანებით მაცნობებს შეხვედრის ზუსტ დროსა და ადგილს. მოკრძალებით შევნიშნავ, რომ ჩემი, როგორც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ჩართვა პროგრამისთვის ესოდებ საჭირო საინფორმაციო კამპანიაში ადრეც შეიძლებოდა, მით უმეტეს, რომ 2015 წლის იანვარში მეც დავდე ფოტო ფეისბუქში ხელისგულზე წარწერით STOPC იმის ნიშნად, რომ მეც ამ პროგრამის რიგითი გულშემატკივარი ვარ. (ფოტო ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წლის 16 იანვარს თავის ფეისბუქ-გვერდზე განათავსა.)

გავიმეორებ: ზუსტად ამ განწყობით ვსაუბრობდი პარლამენტში 2018 წლის 14 ნოემბერს გამოსვლიდან მოყოლებული ყველა საჯარო გამოსვლაში 2018 წლის 13 დეკემბერს, 2019 წლის 18 მარტს, 10 ივნისს, 12 ივნისს, 27 დეკემბერს (ყველაფერი დევს ფბ-ზე), რომლებსაც ამ სიტყვებით ვიწყებდი:

"ძალიან ვუფრთხი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ რაიმე კრიტიკული შენიშვნის საჯაროდ გამოთქმას, რადგან არ მინდა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამა რაიმეთი დაზიანდეს, მაგრამ პროგრამის განხორციელების პროცესში უკვე ისეთი პრობლემის წინაშე დადგა ქვეყანა, რომ ახლა გაჩუმებით უფრო დავაზიანებთ ჩვენს საერთო საქმეს."

დღესაც ამ აზრზე ვარ და თუ ამას ვინმე პოლიტიზებას, ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბარს ან სხვა ეპითეტს უწოდებს, ეს ვერ მაიძულებს, საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე ვისაუბრო. ამ თემას ქვემოთ კიდევ დავუბრინდები, მაგრამ ჯერ საკითხის არსზე.

2019 წლის 18 დეკემბერს “ლანცეტში” გამოქვეყნებულ მაღალპროფესიულ პუბლიკაციაში, რომლის თანაავტორი თქვენც ბრძანდებით, ვკითხულობთ:

“თუ მკურნალობის დღევანდელი ტემპი გაგრძელდება (ყოველთვიურად 1000 ახალი პირის მკურნალობის დაწყება), 2020 წლისთვის ქრონიკული C ჰეპატიტის პრევალენტობა და ინციდენტობა განახევრდება, მედიანური 90%-იანი შემცირება 2026-ში მოხდება, ხოლო სიკვდილიანობის 65%-იანი შემცირება - 2028 წლისთვის.”

ბატონო ამირან,

ეჭვქვეშ არ ვაყენებ უკვე 65,000 ადამიანის განკურნების უზამრმაზარ პოზიტიურ მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ამერიკელ ხალხს ამ საჩუქრისათვის. თავისი სახსრებით ამას საქართველო კიდევ მრავალი წელი ვერ შეძლებდა.

მაგრამ კითხვა მარტივი რჩება: რატომ დაისახა ელიმინაციის სამიზნე წლად 2020? სადაა პრობლემა - პროგრამის არასწორ დაგეგმვაში თუ პროგრამის ადმინისტრირებაში? შეიძლებოდა თუ არა, უკეთესი ადმინისტრირების პირობებში უკეთეს მაჩვენებლებზე გასვლა?

თქვენ, როგორც ძალიან სანდო სპეციალისტს, პროფესიული, ხოლო როგორც საჯარო მოხელეს, პოლიტიკური ვალდებულება გაკისრიათ, ამ მარტივ კითხვას მარტივი პასუხი გასცეთ. პასუხი გასცეთ არა მხოლოდ აკადემიურ ფორმატში (მაგალითად, მარტის შეხვედრაზე), არამედ საჯაროდ, რადგან ეს საზოგადოებრივად აქტუალური თემაა და პოლიტიკაც სხვა არაფერია, თუ არა საჯარო მსჯელობა და, თუნდაც კამათი იმის თაობაზე, რა გზა, რა ხედვა, რა მეთოდი არის უკეთესი ამა თუ იმ საზოგადოებრივი პრობლემის მოსაგვარებლად.

თქვენ ამბობთ: “დიახ, გათვლებში ალბათ სოციალურ სააგენტოს და პარტნიორებს ჰქონდათ ხარვეზები და მეტობით იანგარიშეს (სტრატეგიული მარაგი, მკურნალობაში ჩართვის გაზრდის დაგეგმვა და ა.შ.), მაგრამ ეს არ არის დანაშაული ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, როგორც ამას სატელევიზიო გამოსვლებში აფასებთ თქვენ და სხვები. ერთი-ერთზე წამლის მარაგის პროგნოზირება არასდროს ხდება და 3-5% ფარგლებში ყოველთვის დასაშვებია უკმარისობა ან მეტობა. ზოგადად, გამართლებული მიდგომაა, რომ სტრატეგიული წამლის დეფიციტს - სჯობს გვქონდეს მეტობა.”

ამაზე 2 მოკლე კომენტარს გავაკეთებ:

- მეტი განმარტება, ალბათ, მარტის შეხვედრაზე იქნება, მათ შორის, ამ პუბლიკაციასთან დაკავშირებით Hagan LM, Kasradze A, Salyer SJ, et al. Hepatitis C prevalence and risk factors in Georgia, 2015: setting a baseline for elimination. BMC Public Health 2019; 19: 480, რადგან სწორედ ისაა სავარაუდო ინფიცირებულთა რაოდენობის - 150,000 - წყარო, მათ შორის, “ლანცეტის” პუბლიკაციაშიც;

- კარგი იქნება ეს მიდგომა ჰქონდეს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს მომავალი წლისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენისას.

მიხარია, რომ გჯერათ, რომ საერთო ძალისხმევით პროგრამის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა შესაძლებელია 2022-2023 წლის ბოლოს და ყურადღებით მოგისმენთ მარტის შეხვედრაზე. ფაქტია, რომ პროგრამის დღევანდელი ტემპი გასაზრდელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის.

ჩემი აზრით, უკეთეს შედეგებზე გასვლა ახლაც შეიძლებოდა და ხელისშემშლელი ფაქტორები, ჩემი აზრით, იყო (ამ თანმიმდევრობით):

- პროგრამის არასაკმარისი დეცენტრალიზაცია - პროგრამის მიმდინარეობის მე-5 წელსაც კი თბილისში, როგორც თქვენც აღნიშნავთ, ჯერ კიდევ არაა დანერგილი სკრინინგი ამბულატორიულ დონეზე, ხოლო რეგიონებში ეს მხოლოდ წელიწადია დაიწყო. არადა 2017 წლიდან მოყოლებული ჯანდაცვის სამინისტროსათვის ნათელი იყო პროგრამაში ჩართვის დაბალი ტემპი

- საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირებულობა - პერიოდული მედია-კამპანიების მიღმა ყველაზე ეფექტური იქნებოდა სწორედ ოჯახისა და სოფლის ექიმების დროული მობილიზება პროგრამაში, რადგან ყველაზე მეტი შეხება მოსახლეობასთან სწორედ მათ აქვთ და მათი მეშვეობით უფრო ეფექტურად შეიძლებოდა საზოგადოების ინფორმირებაც და პროგრამის მიმართ ნდობის ამაღლებაც

- ფინანსური ბარიერი მხოლოდ მესამეა ამ ჩამონათვალში და გეთანხმებით, რომ პირველი ორი უფრო მნიშვნელოვან ბარიერს ქმნიდა, მაგრამ, მერწმუნეთ, ამ ბარიერის მოხსნაც გაცილებით ადრე შეიძლებოდა, როდესაც პროგრამაში ჩართვის ენთუზიაზმი გაცილებით მაღალი იყო.

თქვენ წერთ:
“მკურნალობაში ჩართვის მთავარ ბარიერად დასახელდა პროგრამის ნაკლები ცნობადობა და მოსახლეობის განათლება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ვმუშაობდით ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, ეს საკითხი აქტუალურია არა მარტო ჰეპატიტის პროგრამისთვის, არამედ მეტ-ნაკლებად ეხება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველა პროგრამას (იმუნიზაცია, კიბოს სკრინინგი, უსაფრთხო სისხლი, ტუბერკულოზი და სხვა). ამ საკითხს აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური საფუძვლები, რომლებსაც ახლა აქ არ გავშლი.”

არ გთხოვთ. პრობლემა კარგად მაქვს გააზრებული და ამის გამო პასუხისმგებლობა თქვენ ნამდვილად არ გეკისრებათ. თქვენი ჩემდამი, როგორც პოტენციური პაციენტის ქცევისადმი (მხოლოდ 2019 წლის მარტში სრკინინგი) კრიტიკა სრულიად სამართლიანია და ვიღებ. და სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ქცევა ახასიათებს ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს, ამიტომ იყო საჭირო პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართვა პროგრამაში პროაქტიულად 2018 წლამდეც, თბილისში კი ეს პროცესი, როგორც ბრძანებთ, მხოლოდ ახლა იწყება. როდესაც პროგრამის მიზნებისათვის იუსტიციის სახლები უკვე 2 წელია გამოიყენება (უკაცრავად, ნეტა როდის შეიქმნა იუსტიციის სახლები?), გაუგებარია, რატომ არ შეიძლებოდა ამისათვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების გამოყენება.

ახლა კი ისევ საკითხის “პოლიტიზებაზე”. ამისკენ მომიწოდებთ და, იმავდროულად, წერთ (რაც სრულიად ლეგიტიმურია, ჩემი აზრით):
“თუ დამისახელებთ შესადარ პროგრამებს ბოლო 10-15 წელიწადში, მათ შორის თქვენი მთავრობის პირობებში, სიამოვნებით განვიხილავდით.”
თუ მთავრობების გაკეთებულის შედარებას მთავაზობთ, რაც პოლიტიკური სფეროა, რატომ ვიფარგლებით 10-15 წლით? იქნებ ცოტა შორიდან დაგვეწყო?

მაგალითად,

სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბადებისას 2002 წელს 70.22 წელი იყო, 2012 წელს - 72.097;

ყოველ 1,000 ბავშვზე

- 1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა 2002 წელს 27.9 იყო, 2012 წელს - 10.8

- 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა 2002 წელს 31.7 იყო, 2012 წელს - 12.1

წყარო: World Development Indicators

ბატონო ამირან,

განა გამართლებული იქნება ჩემი მხრიდან თქვენ გიკიჟინოთ 2002 წლის ინდიკატორები, როდესაც ვიცი, რა გარემოში და რა სახსრებით გიწევდათ იმ პრობლემებთან შეჭიდება, რაც მოყვა 90-იანების დასაწისში 2 ომს რუსეთთან და სამოქალაქო ომს?

ასე რომ, მაპატიეთ, მაგრამ ასევე მოვითხოვ თქვენგან “ვარდების რევოლუციის” ადმინისტრაციის პერიოდის ობიექტურ და მიუკერძოებელ შეფასებას იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობა ჩავიბარეთ შევარდნაძის მთავრობისაგან.

ფართო აუდიტორიიისთვის კი ასე ვიტყვი:
თქვენ მომიწოდებთ პოზიტივის დანახვას 65,000 ადამიანის განკურნებაში იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით ნახევარი საქმეა გაკეთებული. კი ბატონო, ოღონდ მეც გთხოვდით პოზიტივი დაინახოთ იმაში, რომ ქვეყანაში, სადაც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა უსერიოზულესი პრობლემა იყო “ვარდების რევოლუციამდე”, 2.3 მლნ მოქალაქე გადავაბარეთ დღევანდელ ხელისუფლებას ჯანდაცვის სერვისებით მოცული (218 და 165 დადგენილების 1.8 მლნ ბენეფიციარი საუკეთესო პაკეტით, რომელიც, პარქტიკულად, უცვლელად შეინარჩუნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, პლუს 0.5 მლნ კერძოდ დაზღვეული).

იყო ეს საკმარისი? არა! რადგან 1.4 მლნ მოქალაქე იყო დაუცველი. და ჩვენი ხელისუფლების კრიტიკა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან და თქვენგანაც იყო სრულიად სამართლიანი და ლეგიტიმური. მით უმეტეს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისაგან განსხვავებით, მაშინდელი ხელსიუფლება უზრუნველყოფდა ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომ მას შეეძლო ჯანდაცვაში მეტი ფული ჩაედო.

ამიტომაც მივესალმე “ქართული ოცნების” მიერ ჯანდაცვაში მეტი ფულის მობილიზებას საჯაროდ, თუმცა იქვე ვიწინასწარმეტველე (ზოგიერთის აზრით, ჩასაფრებულის პოზიციიდან) მისი სერიოზული ფინანსური რისკი. სამწუხაროდ, ამაშიც მართალი აღმოვჩნდი.“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42