"ყველაზე გავლენიანი "პოლიტიკოსი" აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდალი და მისი თითის გატკაცუნებაზეა დამოკიდებული ნებისმიერი პოლიტიკური თუ პოლიტიკასთან მიახლოებული პროცესები.
ნუ ვიქნებით ილუზიებში, რომ რომელიღაცა პოლიტიკური ძალები რამეს წყვეტენ შიგნით და რამე მოქმედებებს ახორციელებენ. ეს არის გეტო, რომელსაც ჰყავს საოკუპაციო დირექტორი, რომელიც იღებს ყველა გადაწყვეტილებას"- აცხადებს ზოდელავა.
სოხუმში აქციას მართავენ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები "ამცახარა" და "ერთიანი აფხაზეთი". ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას და ძალოვანი უწყებების მოქმედებებს.
სამი დღის წინ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა მომხარეებს მოუწოდეს, რომ 9 იანვარს უზენაესი სასამართლოს შენობის წინ მოედანზე შეკრებილიყვნენ.
აქციამდე ცოტა ხნით ადრე აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის მოსმენა დაიწყო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „ამცახარის“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე. სარჩელით ის მოითხოვდა, „სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ“ გადაწყვეტილების გაბათილებას.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა.
9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ.
11 სექტემბერს მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს რაულ ხაჯიმბამ თქვა, რომ ოპოზიციის უკმაყოფილების მიუხედავად, არჩევნები მისი გამარჯვებით დასრულდა და ამას სასამართლოც დაადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები






