ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება წინასაახალწლოდ ე.წ. საზღვარს კეტავს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, შეზღუდვა უსაფრთხოების გამო ამოქმედდა.
„30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „ქარძმანის“ მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, - აღნიშნულია დეფაქტო უწყების ინფორმაციაში.
ადგილობრივი სააგენტო „რესი“ წერს, რომ „საზღვრის“ ორი გადასასვლელი პუნქტი ჯერ კიდევ სექტემბერში დაიხურა ე.წ. საზღვართან სიტუაციის დაძაბვის გამო.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი აღნიშნავენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გარკვეული პერიოდულობით, გამოგონილი მიზეზებით უკანონოდ ზღუდავენ თავისუფალ გადაადგილებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უკანონო შეზღუდვები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას“,-ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






