მეუფე იაკობმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის მადლობა ამერიკას, ევროპას და ყველამ იმ ადამიანს გადაუხადა, რომელიც მისი უკანონო ტყვეობიდან დახსნისთვის იბრძოდა.
„ხელისუფლება იქნებოდა, ოპოზიცია თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად ვიყავით იმისთვის, რომ ვაჟა განთავისუფლებულიყო. ყველამ ახლოს მიიტანა ეს ამბავი და მე შევთხოვდი ღმერთს რომ გონების თვალი ყველას აუხილოს, გაყინული გული ყველას გაუთბო.
ღვთის წინაშე ყველა ერთად ვიდექით. როდესაც ვაჟას ეს შეემთხვა მალევე წავედი სასულიერო პირებთან ერთად უცხოეთში. კარგად ვხედავდი თუ როგორ იღვწოდა ჩვენი ხელისუფლება, ევროპაში, ევროპარლამენტში, ევროკომისიაში და ნატოშიც ვნახე გამოძახილი. ასევე თუ ვინმეს სხვადასხვა პარტიებიდან პირადი ურთიერთობებით შეეძლოთ სიკეთე გაეკეთებინათ, ყველა აკეთებდა.
გუშინ მეღიმებოდა, ყველა იმას ამბობდა მე გავათავისუფლე, მე გავათავისუფლეო. მთელმა საქართველომ გაათავისუფლა, მთელმა მსოფლიომ გაათავისუფლა. ევროპა, ამერიკა და აზიის ქვეყნები ჩვენთან იყვნენ. წინა ქადაგებაზე ვთქვი, და მოვუწოდე, რომ მე გამიხარდებოდა ოსებმა ვაჟა რომ გაუშვან-მეთქი, მოვუწოდეთ და ჩვენი შეისმინეს. მე მეგობარი არ მიმიტოვებია და ისედაც გამოვიხსნიდით , მთელმა ერმა გამოიხსნა და ნურავინ ნუ დაიბრალებს.
ჩვენს მოჭიდავეებს განსაკუთრებული მადლობა და ოს მოჭიდავეებს, იცის ახლა ვისზეც ვამბობ, თვითონ ბიბილოვმაც იცის ვისზეც ვამბობ, მე ყველაფრის თქმა არ შემიძლია მიკროფონებთან. პირველად ვაჟას მისი კოლეგა დაუდგა მხარში. ისიც ვიცოდი როდის გამოუშვებდნენ.
არეული დროა თორემ როგორ შეუძლია ვიღაცას თუ თავში გაუელვებს, სპეციალურად გადასულიყო და რამე სპეციალურად მოეწყო.
როდესაც ოსების გადასაწყვეტი გახდა ვაჟა გამოეშვათ თუ არა, ეს ღირსეული საქციელი უნდა აღვნიშნოთ, აღარ შეუშალეს რუსებმა ხელი და ოსებმა გამოუშვეს. გაუფრთხილდეთ ერთად საქართველოს“,- თქვა მეუფე იაკობმა.
მასალის გამოყენების პირობები






