„ფეისბუქის“ მიერ ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი 400-მდე გვერდისა და ანგარიშის გაუქმებას მმართველი გუნდის წევრ, დეპუტატი კარლო კოპალიანი ეხმაურება და „ფეისბუქის პატრონს ურჩევს ორმხრივად იმოქმედოს“. კოპალიანი ოპოზიციას აკრიტიკებს და ეჭვობს რომ „ინფორმაცია აქედან იყო მიწოდებული“.
მისი განცხადებით, ოპოზიციური გაერთიანების წევრებს პროდასავლურობაზე აქვთ პრეტენზია და ამავდროულად მოსკოვში დადიან.
„დამისახელეთ, რომელიმე ჯგუფი, რომელიც „ფეისბუქმა“ გააუქმა და რომელზეც დამტკიცდა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებდა. თუ მსგავსი რამ იყო, ვეთანხმები, რომ უნდა გაუქმდეს, მაგრამ ეს გაუქმება უნდა მოხდეს ორმხრივად. როდესაც პროდასავლურობაზე გაქვს პრეტენზია და უზარმაზარ ოპოზიციურ გაერთიანებას ქმნი, მაგ გაერთიანების წევრები მოსკოვში არ უნდა დარბოდნენ. აი, სად არის პროდასავლურობის ღალატი და ვინ არიან პრორუსები, აღარ ვლაპარაკობ მათ თავმჯდომარეზე პოლკოვნიკ ვაშაძეზე. ამიტომ „ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ეს აქედან მიწოდებული ინფორმაცია იყო და ეს ერთ-ერთი ხერხია „ქართულ ოცნებასთან“ საბრძოლველად, მაგრამ ეს არ გამოუვათ. „ფეისბუქმა“ რეაგირება გააკეთა იმაზე, რა ინფორმაციაც მიიღო. ისეთი გვერდებია გაუქმებული, რომელთა 90% რეალურია,“ - განაცხადა კოპალიანმა.
პარასკევს, 20 დეკემბერს, "ფეისბუქმა" თავისი სივრციდან გააქრო 400-ზე მეტი ქართული ანგარიში. მათგან ყველა: 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში საქართველოს ხელისუფლებასთან აფილირებული იყო და მათი ადმინები ხელისუფლების ნარატივს, მის საერთო მესიჯბოქს ავრცელებდნენ, ამასთან, ანტიდასავლურ კამპანიას ეწეოდნენ და ოპოზიციურ ლიდერებზე სხვადასხვა ჭორებს ტირაჟირებდნენ.
ქართველ ტროლ-ბოტებზხე შეტევას "ფეისბუქმა" განცხადება მოაყოლა, სადაც აღნიშნა, რომ ამ ანგარიშების "საქმიანობა" სპეციალური გამოძიებით დაადგინა და გაარკვია, რომ "ეს კამპანია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უკავშირდება".
ასეთ მასშტაბურ შეტევებს "ფეისბუქის" ადმინისტრაცია ძალიან იშვიათ შემთხვევებში ახორციელებს. დაახლოებით ამ მასშტაბის იყო წმენდა, რომელიც "ფეისბუქმა" რუსეთსა და ჩინეთში ჩაატარა და ეს წმენდა პირდაპირ ხელისუფლებას დაუკავშირა. ამიერიდან საქართველოც სწორედ იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ხელისუფლება ყალბ გვერდებსა და პროფილებს ქმნის ან/და აფინანსებს: ორგანიზაციის ცნობით, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ამ გვერდებსა და პროფილებს ჯამში 316 000-ზე მეტი ამერიკული დოლარი აქვთ დახარჯული.
მასალის გამოყენების პირობები






