"ფეისბუქმა" თავისი სივრციდან გააქრო 400-ზე მეტი ქართული ანგარიში, მათ შორის არის "Bidzina ivanishvili & media". 20/30-იანელები ბიძინა ივანიშვილს საკუთარ გვერდს სთავაზობს, სადაც საკუთარ მოსაზრებებს გამოაქვეყნებს.
"ფეისბუკმა ბრძოლა გამოუცხადა ,,ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, გააუქმა რა მათ მფლობელობაში მყოფი 400 ფეისბუკ გვერდი ან პირადი პროფილი.
უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა ბატონი ბიძინა ხდება ღალატის მსხვერპლი.
ამასწინათ, მას, შვილივით ნაზარდმა და საყვარელი შინაური ცხოველივით ნალოლიავებმა თანაგუნდელებმა უღალატეს და საჯაროდ ნათქვამი სიტყვა გაატეხინეს, ხოლო ახლა, პოლიტკორექტულობის ბრალდებით, მისი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა მარკ ცუკერბერგმა.
ჩვენ შეშფოთებული ვართ და ვგრძნობთ დიდ უსამართლობას, ჩადენილს უსამსახუროდ დარჩენილ იმ ადამიანთა წინაშე, რომლებიც ეხმარებოდნენ ბატონ ბიძინას და მის გუნდს, ხმა უშუალოდ და პირდაპირ მიეწვდინა მის ნუგეშს მომლოდინე ადამიანებისთვის.
ბოლომდე თავს ვიკავებდით ამ მოსაზრების გამოთქმისგან, მაგრამ ეს ამბავი საეჭვოდ დაემთხვა, პროპორციული სისტემის ჩაგდების ერთ-ერთი რეალური ორგანიზატორის ირაკლი კობახიძის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძე სტრატეგიულ მოკავშირესთან მარტო გასაშვები არ იყო, რადგან ყველამ კარგად დავინახეთ, თუ რა მოჰყვა მის ვიზიტს ამერიკელი პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მხრიდან, ხოლო მერე მოხდა ეს ძალიან სამწუხარო ფაქტი.
ჩვენი აზრით, შეუძლებელია ეს მხოლოდ შემთხვევითობა იყოს.
ბატონი ბიძინა, ძალიან მალე თავისითაც მოჰფენს ყველაფერს ნათელს და გასაგებად აუხსნის ყველას ყველაფერს, მაგრამ მას ამისთვის სჭირდება სათანადო ინტერნეტ ინსტრუმენტი, რადგან მისი გვერდები უკვე შეეწირა მუხანათობას.
ჩვენ 20/30-იანელები, გულწრფელად ვთავაზობთ ბატონ ბიძინას ჩვენ ფეისბუკ გვერდს, რათა გამოაქვეყნოს თავისი სათქმელი ჩვენს გვერდზე.
ჩვენთვის ეს დიდი პატივი იქნება!" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






