SOVA NEWS-ის ინფორმაციით, თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნის შესახებ დეკემბრის შუა რიცხვებში გამოაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა, პრაღაში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ. რია ნოვოსტთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ”ეს მოვლენა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში”.
უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლიდან თბილისში არ ფუნქციონირებს რუსეთის საელჩო, მაგრამ ფუნქციონირებს შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების განყოფილების საკონსულო სამსახური. რუსეთის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება რუსული ენის ფასიანი შემსწავლელი კურსები. პედაგოგთა შორის, იქნებიან რუსეთის უნივერსიტეტიდან მოწვეული ლექტორები, რომლებიც ფლობენ სპეციალურ სახელმწიფო აღიარების დონის საერთაშორისო სერტიფიკატებს.
ფონდი „Русский мир“ დაარსდა 2007 წლის ივნისში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ინიციატივით. საზოგადოებრივი ორგანიზაციის დამფუძნებლები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები არიან.
საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში 1993 წლიდან მოქმედებს რუსული კულტურის ცენტრი, რომელიც აზერბაიჯანის რუსულმა საზოგადოებამ დააფუძნა. მისი მიზნები და ამოცანებია: რუსული კულტურის პროპაგანდა,რუსული ენის და ეროვნული ტრადიციების შენახვა და განვითარება; ტრანსნაციონალური ურთიერთობების გამყარება; რუსული და აზერბაიჯანული კულტურების ურთიერთგამდიდრება.
2009 წლიდან მოქმედებს რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი საქართველოს მეზობელ სომხეთშიც და რუსეთის ფედერაციის საელჩოს ეგიდის ქვეშ მოქმედებს. ის განაგებს საკონფერენციო დარბაზს, კინოდარბაზს, ბიბლიოთეკასა და სამკითხველო დარბაზს, ატარებს რუსული ენის კურსებს ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






