შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი მის მიერ 15 წლის მოზარდის გარდაცვალებამდე გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს განმარტავს.
ცაციაშვილია ის პირი, რომლის გადადგომასაც ითხოვენ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი.
აღსანიშნავია, რომ გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის დაკავებამდე, შს მინისტრის მოადგილე აცხადებდა, რომ დაკითხვა კანონის სრული დაცვით მოხდა დალუკა სირაძის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰაქონია.
შს მინსიტრის მოადგილემ კომენტარი სამძიმრით დაიწყო:
"მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ამ ტრაგედიის გამო. იმედს ვიტოვებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ყვალა კითხვას რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ამომწურავი პასუხი გაეცემა.
რაც შეეხება ბრიფინგზე გაკეთებულ ჩემს განცხადებას, ჩვენი მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერება მოხდა იმ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რაც მაშინ დროისთვის ხელთ გვქონდა და არა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე, რაც შემდგომში სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იქნა მოძიებული.
ის, რომ დასაწყისში ინფორმაცია განსხვავდება იმისგან, რაც შემდგომში გამოძიების შედეგად შეიძლება გამოიკვეთოს, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ინფორმაცია სულ რამდენიმე დღის შემდეგ გავავრცელეთ. ამასთან, მტკიცებით ფორმაში რაიმე სახის განცხადების გავრცელება ლოგიკურია მას შემდეგ იქნება გაჟღერებული, როცა სახელმწიფო ინსპექტორი სრულად გასცემს ყველა კითხვას პასუხს, რაც იყო საზოგადოებაში.
დღევანდელი რეალობა რომ შეცვლილია, ეს არის ძალიან ობიექტური მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა, სხვა სურათი გამოიკვეთა და ხვალ და ზეგ შეიძლება დამატებითი გარემოებები გამოიკვეთოს"- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
ნინო ცაციაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მისივე ბრიფინგის დამახინჯება არ უნდა მოხდეს. ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ის მტკიცებით ფორმაში საუბრობდა, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, არადა გამომძიებელ ჩოლოიანს სწორედ იძულების მუხლით წარუდგინეს ბრალი.
"შეგიძლიათ გადაახვიოთ ჩემი ბრიფინგი. უხერხულობას მიქმნის სპეკულაციები და ინტერპრეტირება რასაც აქვს ადგილი. ხაზგასმით იყო იქ აღნიშნული რომ ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით აღნიშნული არ ფიქსირდებოდა, თუმცა იქვე იყო განმარტება რომ გამოძიებას ინსპექტორის სამსახური აწარმოებდა"- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება არასრულწლოვნის ცალკე გაყვანას, ცაციაშვილი აცხადებს, რომ მან ჟურნალისტის კითხვაზე მედიის წარმომადგენელს დაუდასტურა რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში გამომძიებელს გაყვანილი ჰყავდა მოზარდი.
"მე ბრიფინგზე დავადასტურე ის ფაქტი, რომ 3-4 წუთი ნამდვილად ბავშვი ჰყავდათ გაყვანილი, ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე იყო გაცემული აღნიშნული პასუხი. აღსანიშნავია, რომ პრემიერმა დაგვავალა ყველა უწყებას გარკვეული მიმართულებით მუშაობა, მათ შორის, შსს-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დახვეწის და შესაბამისი გარემოს შექმნის მიზნით და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. ის გამოწვევები, რაც გვაქვს ძალიან ფორსირებულად უნდა გადავჭრათ. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ყველასია, მათ შორის, ყველა უწყების, რომელიც ამ პროცესში ჩართულია და პასუხისმგებლობა ზუსტად იმაში გამოიხატება, რომ ეფექტიანი მართლმსაჯულების პროცესის სრული აღსრულება მოხდეს", - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






